ლიბიაში თურქული ავიაციის შეტევის შედეგად რუსი ბოევიკების ოფიციალური სამხედრო დანაყოფის, ვაგნერის 10 მებრძოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს რუსული მედია.
თურქულმა ფ-16-ებმა ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის მხარდასაჭერად საჰაერო იერიში კვირას საღამოს მიიტანეს ამბოხებული გენერალი ჰალიფა ჰაფტარის პოზიციებზე, რა დროსაც მათთან ერთად მყოფი რუსი სამხედროების დანაყოფი დაიბომბა. თავდასხმის შედეგად აგრეთვე მძიმედ დაიჭრნენ დაქირავებული რუსი მებრძოლებიც, რომლებიც სასწრაფოდ გადაიყვანეს თვითმფრინავით სირიაში, ლატაკიის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში.
ამ შეტევას წინ უძღოდა ამბოხებულების შეტევა სამთავრობო ძალების სამხედრო აკადემიაზე , რა დროსაც დაიღუპა 30 კურსანტი.
თურქეთი თავის სირიელ მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს სამხედროებისა და ტექნიკის გადაყვანას ტრიპოლიში, რომლებიც გეგმავენ შეტევას რუსი ბოევიკების მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებზე.
ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობა უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოსავლეთ ლიბიაში იგერიებს გენერალი ხალიფა ჰაფტარის შეიარაღებული ძალების შეტევებს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გააგზავნა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.
თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო დახმარება ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია ამბოხებულებს ებრძვის.
2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ, ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






