თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავასოღლუ აშშ-ს სანქციების დაწესების შემთხვევაში სამხედრო ბაზების დახურვით ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ შევაფასებთ ყველაზე უარესს სცენარს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ აშშ-მა გადაწყვიტა, დააწესოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციები რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის გამო, ინჯირლიკისა და ქურეჯიქის ამერიკული სამხედრო ბაზების საკითხი დღის წესრიგში დადგება“ ,- განაცხადა ჩავასოღლუმ.
ინჯირლიკის საჰაერო ავიაბაზაზე განლაგებულნი არიან ამერიკული ბომბდამშენები, გამანადგურებლები და სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიიდან სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობენ 1955 წლიდან დღემდე.
ქურეჯიქში კი განლაგებულია ნატოს სარადარო ბაზა, რომელიც ალიანსის ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია, რომლის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სარაკეტო თავდასხმამდე შტაბისთვის ინფორმაციების ოპერატიული მიწოდება, თვალყურის დევნება რაკეტებისა და საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ თურქეთი განიხილავს ამერიკული გამანადგურებლების ალტერნატივად რუსულ თვითმფრინავებს იმ შემთხვევაში თუ F-35-ის მიწოდებაზე უარს განაცხადებენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

მასალის გამოყენების პირობები






