ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გოგონა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან სკოლის მასწავლებელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა,- ინფორმაციას AL JAZEERA ავრცელებს.
ნუსრათ რაფიმ სასამართლოში უჩივლა თავის მასწავლებელს, რომელზეც განაცხადა, რომ სირაჯ უდ დულამ იგი დაიბარა თავის კაბინეტში, სადაც გოგონაზე სექსუალურად ძალადობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა რაფიმ გაქცევა მოახერხა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, სკოლის მასწავლებელი დააკავეს, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყო , რომლის დროსაც ნუსრათს ცილის წამებაში ადანაშაულებდნენ.
გამოცდის დღეს რაფი არ შეუშვეს სკოლის შენობაში და იგი მოტყუებით აიყვანეს სკოლის სახურავზე, სადაც მას ხუთმა პირმა მოსთხოვა საჩივარი გამოეტანა, თუმცა უარის მიღების შემდეგ ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბოროტმოქმედებს სურდათ, აღნიშნული ფაქტი თვითმკვლელობად გაეფორმებინათ, თუმცა ალმოდებულმა გოგონამ გაქცევა მოახერხა, რა დროსაც მას სხეულის 80 % უკვე დამწვარი ჰქონდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახების შემდეგ, რაფიმ პოლიციელებს მოუყვა მომხდარის შესახებ და ამხილა მკვლელები. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარი მკვლელობის შემდეგ მთელი ბანგლადეში საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასიმამ დადო პირობა, რომ აუცილებლად შეუწყობდა ხელს დამნაშავეთა დასჯასა და საქმის გამოძიებას.
პოლიციამ დააპატიმრა ნუსრათის საქმეზე 16 პირი, რომელთაც სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა განესაზღვრათ. სიკვდილმისჯილთა შორის არიან აგრეთვე ნუსრათის ორი თანაკლასელიც.
მასალის გამოყენების პირობები






