"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ "სარკეს" მამობის სიხარულსა და ახალ სამსახურზე მოუყვა.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მამობა საერთოდ სხვა განცდაა და. ახლა უკვე ყველაფერი მეორეხარისხოვანია, პირველ ადგილზე კი ნატატა და თინანო არიან. ჯერ ერთი, საოცარი ენერგიით მმუხტავენ და ამავე დროს ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში გაჩდნენ ადამიანები, ვის გამოც უნდა იცხოვრო, ვის გამოც უნდა იყო ძლიერი და იბრძოლო იმისთვის, რომ შენს შვილებს უკეთესი ქვეყანა ჰქონდეთ.
– როგორები არიან, ჰგვანან ერთმანეთს ან თქვენ?
– ერთი შედარებით დიდი წონისაა და პატარა დაჩაგრა. დაბადებისას წონაში 700 გრამი იყო სხვაობა. ახლა ორივე ყოჩაღად არიან. ორივეს ჩემნაირად ეჩხვლიტებათ ლოყები. ტუჩებით, თვალებით მგვანან… მსგავსებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დილით რომ ვტოვებ და საღამოს ვნახულობ, უკვე სხვანაირები მხვდებიან, უცებ იზრდებიან.
– შვილებს რომ ელოდებოდით, სულ ახლახან გაამხილეთ. როგორია თქვენი და ტყუპების დედის სიყვარულის ამბავი?
– პირად ცხოვრებაზე არასოდეს ვსაუბრობ და არც ახლა ვაპირებ ლაპარაკს.
– როგორ შეარჩიეთ სახელები?
– ბებიების სახელები დავარქვით – ერთს დედაჩემის სახელი ჰქვია, მეორეს – თეას დედის.
– თავიდანვე იცოდით, რომ ორნი იყვნენ? ან როგორი იყო მათი მოლოდინის პერიოდი?
– კი, თავიდანვე ვიცოდით. მათი მოლოდინის პერიოდი “რუსთავი 2”-ისთვის ყველაზე მძიმე მოვლენებს დაემთხვა. 6 წელი ვიმუშავე “რუსთავი 2”-ში და სამსახურის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. დილაადრიან გავდიოდი სახლიდან და გვიან ღამე მივდიოდი. ხან კი დღეებიც გადამიბამს. ამ 6 წელში შვებულების დღეები რომ მოვთვალო, ჯამში, ერთი თვე, მაქსიმუმი თვე და ერთი კვირა გამოვა. სამსახურში რომ არ ვიყავი, სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ საქმე ფუჭდებოდა.
ეს ყველაფერი 20 აგვისტოს დასრულდა. იმ დღეებში ასეთ დასასრულს ისედაც ველოდი. მათი მხრიდან კი იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან სახელისუფლებო მედიაში მუშაობას არ ვაპირებდი. ზუსტად იმ დილას, როცა სამსახურში არ უნდა წავსულიყავი, გავიღვიძე და მაშინ გაჩნდნენ. 27 აგვისტოს უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ დღენახევრით ადრე გამახარეს, 26 აგვისტოს გაჩნდნენ, ანუ იმ დღეს, როცა სამსახურში აღარ წავედი და ფიქრებით მთლიანად ბავშვებზე ვიყავი გადართული.
ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. ორი კვირა გვქონდა ახალი ტელეკომპანიის ასაშენებლად (ინტერვიუ სექტემბრის პირველ ნახევარშია ჩაწერილი), რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ბავშვებს დილით ადრე და გვიან ღამე ვხედავდი. შუადღეზე კი ვიდეოზარით ვნახულობ.
– დაძინებულები გხვდებიან საღამოს?
– არა, მღვიძარებსაც ვხედავ. ღამით ხშირ-ხშირად ჭამენ და იღვიძებენ.
– როგორი მამა იქნებით, ბავშვებთან ერთად მოსეირნესაც გნახავთ?
– რა თქმა უნდა! ძალიან მაგარ მოქალაქეებად გავზრდი. როგორც კი წამოიზრდებიან, სამსახურში ვატარებ და აუცილებლად ვასწავლი, რომ მთავარი ღირებულება თავისუფლებაა.
მასალის გამოყენების პირობები






