ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი მოუწოდებს საზოგადოებას მოუწოდებს სწორად გააცნობიეროს ადვოკატის როლი, რაც ნებისმიერი ადამიანის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში გამოიხატება:
"სამწუხაროდ გრძელდება იმ ადვოკატების მიმართ ნეგატიური კამპანია, რომლებიც მონაწილეობენ რამდენიმე რეზონანსულ საქმეში და იცავენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ინტერესებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, სწორად გააცნობიეროს ადვოკატის როლი, რაც ნებისმიერი ადამიანის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში გამოიხატება და არა იმაში, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს, თუკი სამართლიანი პროცესის შედეგად დადგინდება პირის ბრალეულობა. ასევე დაუშვებელია კლიენტთან ადვოკატის იდენტიფიცირება"- აცხადებს ასათიანი.
ადვოკატთა ასოციაციის თაბმჯდომარე განსაკუთრებულად სამწუხაროს უწოდებს კოლეგებს შორის არსებულ დისკუსიას მიმდინარე საქმეებზე:
"უფრო სამწუხაროა, კოლეგებს შორის გამართული საჯარო დისკუსია მიმდინარე საქმეებზე ადვოკატების გამონათქვამებთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კოლეგიალობის პრინციპებისა და პროფესიული ერთიანობის გაძლიერებას. ამიტომ, მესმის რომ შეიძლება არ მოგვწონდეს რომელიმე კოლეგის პოზიციონირება, თუ რაიმე საჯარო განცხადება, მაგრამ მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას. თუ მაინც ადგილი ექნება კოლეგებს შორის რაიმე გაუგებრობას და კონფლიქტს ეს საკითხები უნდა გადავწყვიტოთ ასოციაციის ერთიან ოჯახში, რისთვისაც არსებობს პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმი და ასევე აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან მედიაციის შესაძლებლობა.
პირადადაც მზად ვარ შევასრულო მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად, დავარეგულიროთ არსებული თუ მომავალი კონფლიქტები კოლეგებს შორის. გვახსოვდეს, რომ ერთიან და ძლიერ საადვოკატო პროფესიას ალტერნატივა არ გააჩნია, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება"- მიმართავს ადვოკატებს ასათიანი.
მასალის გამოყენების პირობები






