„ახალი ბანას“ სამონასტრო-საგანმანათლებლო და კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრის შესახებ:
"აღდგომის" სახელობის "ახალი ბანას" სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც სახელმწიფო, სასულიერო და საერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის მშენებლობა.
"ახალი ბანას" აღდგომის სახელობის ტაძარი ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდესი საგანძურის, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიზე მდებაზე, თითქმის განადგურებულ ბანას ტაძართან მიახლოებული იქნება მაქსიმალურად, როგორც არქიტექტურულად, ისე ზომებში (დაახლოებით, ფუძის დიამეტრი 40მ და სიმაღლე- 40მ).
"ახალ ბანას" საუკუნის პროექტად წოდებული, საზოგადოებრივი მნიშვნელობის კომპლექსისა და საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისათვის "ბანას" ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანამანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა. ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს თეოლოგიურ და სხვა სამეცნიერო დარგებში საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებას.
კომპლექსის მშენებლობისათვის განკუთვნილია 19 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში - აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე, კურორტ სურამთან (ხაშური, ზემო სერის ტერიტორია), მარადმწვანე ტყით გარშემორტყმულ მაღლობზე.
"ახალი ბანას" სამონასტრო-საგანამანათლებლო კომპლექსში, ტაძრის და მონასტრის აშენების გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწყობა-ფუნქციონირება: თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის საეკლესიო და საერო მუზეუმი, ბავშვთა და დღეგრძელთა სახლები, სახელოვნებო სკოლა-სემინარია, ტრადიციული რეწვის სახელოსნოები, საბავშვო ბაღი და სამედიცინო ცენტრი, უპოვართა სახლი და კათარზისი, რომელიც ეპარქიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ ბენეფიციარებს გაუწევს მფარველობას, გაშენდება სათბურ-სანერგეები და მცირე ვენახი, მოეწყობა მარანი...
საქმიანი შეხვედრების, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, მონასტერში ცხოვრებისას სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ და დაესწრონ ღვთისმსახურებას მაცხოვრის აღდგომის სახელზე ახლად აგებულ ბანას ტაძარში, გაეცნონ სამონასტრო ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, დააგემოვნონ მონასტერში მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები, კომპლექსის ბაზაზე არსებული ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნოებში საკუთარი ხელით შეეხონ ისტორიას - შექმნან სამახსოვრო ნაკეთობები და განიტვირთონ უმშვენიერეს ბუნებაში.
ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს ცოდნისა და მეცნიერების სარწმუნოებაზე დამკვიდრებას, მეცნიერების გასაწყმუნოებას და სარწმუნოების გამეცნიერებას. როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, „განათლებული ადამიანი მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო განათლებული მორწმუნე-მეგობარია ღვთისა“...
ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი აღადგენს რა განადგურებულ ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უდიდეს საგანძურს - ბანას ტაძარს, ის იქნება 21-ე საუკუნის საქართველოში ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი: მონასტერი იყოს არამარტო სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ მეცნიერების ცენტრიც.

მასალის გამოყენების პირობები






