გუშინ გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის დაკავებას ითხოვდნენ. აქციას ესწრებოდა თამთა თოდაძეც.
"მე რაც შემეძლო, ყველა მტკიცებულება, ექსპერტიზები იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა სახის მტკიცებულება, რაც გამოძიებას სჭირდებოდა, წარვუდგინე გამოძიებას, თუმცა ძალიან გასაკვირია, დუმს პროკურატურა, არ ხდება ჩემი დაზარალებულად ცნობა და შესაბამისად რატომ არ ხდება ეს რეაგირება მე უშუალოდ პროკურორთან მაქვს ამ შემთხვევაში შეკითხვა," - აცხადებს თოდაძე.
გოგონას ადვოკატმა პროკურატურას შესაბამისი მოთხოვნით გუშუნ მიმართა. როგორც თამარ ლუკავა აცხადებს, მათ ხელთ აქვთ ყველა მტკიცებულება და ფაქტები იმისათვის, რომ თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
"მივმართეთ პროკურორს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვინაიდან რეალურად სახეზე გვაქვს მტკიცებულებებიც და ასევე ფაქტებიც, რომელიც ადასტურებს იმას, რომ დანაშაული რეალურად თამთა თოდაძის წინააღმდეგ მოხდა," - აცხადებს კავშირ "საფარის" იურისტი, თამარ ლუკავა.
მასალის გამოყენების პირობები






