11 წლიანი „გაყინული“ ურთიერთობის შემდეგ მინსკმა და ვაშინგტონმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ელჩების დონეზე აღდგენა გადაწყვიტეს.
ვაშინგტონში მიღებულია გადაწყვეტყილება იმის შესახებ, რომ ბელორუსში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა ელჩების დონეზე აღდგეს, ამის შესახებ განცხადება ბელორუსის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში დევიდ ჰეილმა გააკეთა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის ისტორიული მომენტი ბელორუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში. მე მოხარული ვარ მივიღო მონაწილეობა მზაობის გამოცხადებაში ელჩების გაცვლასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადადგმულ ნაბიჯში.“- განაცხადა ჰეილმა. ელჩების დანიშვნის თარიღი ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
აშშ-მ ბელორუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1991 წელს აღიარა. 3 წლის შემდეგ კი ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. 2000-იან წლებში ბელორუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. აშშ ბელორუსის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინის ფულის გათეთრებაში და ქვეყანაში დემოკრატიის შეზღუდვაში სდებდა ბრალს. 2004 წელს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. 2008 წელს ორივე ქვეყანამ ელჩები გაიწვია და ამ დრომდე დიპლომატიური ურთიერთობა საქმის დროებითი რწმუნებულების დონეზე ხორციელდებოდა .
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის აქტიურობა გაიზარდა მას შემდეგ რაც მინსკსა და მოსკოვს შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით დავა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






