ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა ქვეყანაში რუსეთის ელჩი, რათა მიიღოს განმარტება მოსკოვში ჰოლანდიელი დიპლომატის ცემასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ „ბი ბი სის“ რუსული სამსახური იუწყება.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ელჩის დაბარების ფაქტს, თუმცა, არ აკონკრეტებენ დაზარალებული ჰოლანდიელი დიპლომატის ვინაობას.
„ბი ბი სი“ რუსულ მედიასაშუალებებს ეყრდნობა და წერს, რომ დაზარალებული 66 წლის, რუსეთში ნიდერლანდების ელჩის მოადგილე ონო ელდენერბოსია, რომელიც მოსკოვში, საკუთარ ბინაში სცემეს უცნობმა პირებმა, რომლებმაც სახლში ელექტრომონტიორის სტატუსით შეღწიეს. უცხოელმა დიპლომატმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
სავარაუდოდ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს ახსნა-განმარტებას მოსთხოვენ კონკრეტული ინციდენტის გარკვევის საკითხში და ასევე ჰკითხავენ, რა ზომების მიღებას აპირებენ უცხოელი დიპლომატების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰააგაში ინციდენტი რუს დიპლომატს დიმიტრი ბოროდინს შეემთხვა, რომელიც აეროპორტში დააკავეს, რადგან პოლიციამ იეჭვა, რომ ის საკუთარ შვილებზე ფიზიკურად ძალადობდა. რუსი დიპლომატი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






