სტუდენტები გახდნენ ცნობილი ადამიანების შვილები, ბევრმა მათგანმა ქართულ უნივერსიტეტებს მიანიჭა უპირატესობა და სწავლას სამშობლოში განაგრძობს.
წარმატებულად ჩააბარა გამოცდები მსახიობისა და ტელეწამყვანის - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა ევა ბარბაქაძემ.
ევამ 53-ე სკოლა დაამთავრა, აქტიურად იყო დაკავებული სწავლით და შედეგმაც არ დააყოვნა.
"ევამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ძალიან გახარებული ვარ, ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და ვამაყობ მისით. ყველა აბიტურიენტს ვულოცავ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებ!" - განაცხადა შორენა ბეგაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
სტუდენტი გახდა კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ქალიშვილი ნატალია ყიფშიძეც.
მას თავდაპირველად მსახიობობა სურდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც თავად ამბობს, მომავლის პროფესია აირჩია.
"ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ადრე მსახიობობა მსურდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და მომავლის პროფესია ავირჩიე, ამას კრეატიულობაც სჭირდება და ჩემთვის საინტერესო პროფესიაა. "ჯიპაში" აქვთ ეს ფაკულტეტი და ზუსტად იქ მოვხვდი სადაც მინდოდა.
რაც შეეხება ოჯახის რეაქციას იმაზე, რომ მსახიობობაზე უარი ვთქვი, ჩემი ოჯახის წევრები პატივს სცემენ ჩემს ნებისმიერ არჩევანს და ასე მოხდა პროფესიის არჩევის დროსაც" - განაცხადა ნატალია ყიფშიძემ.
წელს სტუდენტი გახდა თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ვაჟი - ზუკა. ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში 100-პროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
"ზუკამ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე - არაბისტი, ირანისტის მიმართულებით ჩააბარა. მომავალ წელს ჩვენი მეორე შვილიც აბარებს და მანაც ჩვენგან განსხვავებული ფაკულტეტი აირჩია. ჩემი შვილები ოთარ ბაღათურიამ აიყვანა "კუკარაჩაში" და მათ იციან, რამხელა შრომაა თეატრი. თან თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში, რაც უნდათ იმას ისწავლიან და იმ პროფესიას გაჰყვებიან.
ზუკა ისტორიით არის გატაცებული და ბაკალავრიატში ამ კუთხით ისწავლის, ხოლო მაგისტრატურაზე კონფლიქტების მიმართულებით გააგრძელებს სწავლას. რამდენიმე ჭკვიან კაცს ვუთხარი მისი გადაწყვეტილების შესახებ და მითხრეს, რადგან ასეთი გეგმები აქვს ე.ი. ჩამოყალიბებული არის თავის არჩევანშიო და მისი ქულებიც ამაზე მეტყველებს" - განაცხადა რეჟისორმა.
მასალის გამოყენების პირობები






