პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელის შეწყალებას მისი ოჯახის წევრები ეხმაურებიან. თარაშ მუკბანიანის ბებიას იმ უწყების პოზიციაც აინტერესებს სადაც თარაშ მუკბანიანი მუშაობდა.
„სად არის პასუხისმგებელი პირი, სად არის მთავრობა, სადაც მუშაობდა ეს ბიჭი... 2 შვილი დაატოვებინეს, რას ერჩოდნენ ... თუ დააშავა, მოახდევინონ ის სასჯელი, მეტს არაფერს არ ვითხოვ მე. მე დავათვალიერე სხეული, გამზრდელი ბებია ვარ, ხელს რომ ვკიდებდი ყველაფერი დამტვრეული ქონდა, ნაცემი იყო რამდენიმე ადამიანისგან.“- განაცხადა თარაშ მუკბანიანის ბებიამ.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემ, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.
მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






