სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს:
„2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის (IClub Apple fan club) ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.
Facebook გვერდზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.
ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.
კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.
იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.
ვინაიდან, საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესებს წარმართავს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის დაწყებას განცხადებით გამოეხმაურა iPlus-იც. მათი თქმით, უსაფთხოების დამატებითი ზომების მიღება საჭირო გახდა შეირაღებული თავდასხმისა და ძარცვის არაერთი ფაქტის გამო. თუმცა განცხადებაში არ არის ნათქვამი, რამდენად კანონიერად თვლის iPlus-ი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში გავრცელებას თანაც იმ სახით, როცა შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.
„ორი დღის უკან, "ქალბატონის" მიერ პეკონის ქუჩაზე ბავშვის დაჭრის ფაქტი ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა და სწორედ ჩვენი კანერების დახმარებით მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება.
დღეს შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გვადანაშაულებს პერსონალური მონაცემების დარღვევაში.
Apple-ის ოფიციალური პარტნიორი "აიპლიუსი" როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. აიპლიუსის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე აიპლიუსის ფილიალზე განხორციელდა როგორც შეიარაღებული თავდასხმა ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში "აიპლიუსმა" მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. "აიპლიუსი" ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორციელებული ძალადობა და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.
აიპლიუსი ახორიცელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშევობით. რომელშიც გვეხარჯება, როგორც ფინანსური ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა, თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს.
სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცმების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






