შესაძლოა G7 კვლავ G8-დ გადაიქცეს. უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი შეიძლება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა გაერთიანებაში დააბრუნონ. ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2020-ში აშშ-ში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ გასული საუკინის დასასრულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთი ეტაპობრივად შეუერთდა აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, იტალიის, კანადისა და საფრანგეთის "შვიდთა ჯგუფს" (Group of Seven) ჯერ G7+1 ფორმატით, ხოლო შემდეგ 2002-ში ჯგუფი G8-დ გადაკეთდა. "რვიანის" ბოლო შეხვედრა 2013 გაიმართა. მორიგი შეხვედრა, რომელიც სოჭში უნდა გამართულიყო, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის მოვლენების გამო ჩაიშალა და მას შემდეგ შეხვედრები ისევ G7-ის ფორმატით გრძელდება.
დათანხმდებიან თუ არა ორგანიზაციის დანარჩენი წევრები რუსეთის დაბრუნებას, ჯერ უცნობია. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, იგი აცხადებს, რომ რუსეთის გარიცხვის გადაწყვეტილება მისმა წინამორბედმა მიიღო, რადგან მან თავი წაგებულად ჩათვალა.
"ძალიან ბევრი თემა, რომელზეც ვსაუბრობთ, რუსეთს ეხება, ასე რომ მე მინდა რომ იგი კვლავ ვიხილო "რვიანის" შემადგენლობაში. თუ ვინმე დააყენებს ამ წინადადებას, მე მხარს დავუჭერ," - აცახდებს ტრამპი.
ემანუილ მაკრონმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პუტინს მასპინძლობდა. განაცხადა, რომ თუ უკრაინის კონფლიქტი მოგვარდება, კლუბის კარი რუსეთისთვის ღია იქნება.
თავად პუტინი G8-ში დაბრუნების თაობაზე დიდი ენთუზიაზმით არ საუბრობს, იგი აცხადებს, რომ ეს ფორმატი თავად დასავლეთის სახელმწიფოებმა გააუქმეს და დასაბრუნებელიც არსად არის.
მასალის გამოყენების პირობები






