დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამ დროისთვის ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოხდება თუ არა BREXIT-ი ევროკავშირთან შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებით, თუ მის გარეშე, ე.წ. "მკაცრი სცენარით", ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც სამთავრობო დოკუმენტებს ეფუძნება, აღნიშნულია, რომ "მკაცრი სცენარის" შემთხვევაში ქვეყანა რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს, მათ შორის საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტის წინაშე. აქვე აღნიშნულია, რომ გაიზრდება სოცყზრუნველყოფის ხარჯები და ირლანდიასთან სრულფასოვანი, მკაცრი სასაზღვრო რეჟიმი ჩამოყალიბდება. ყოველივე ამან შესაძლოა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია და მასობრივი პროტესტები გამოიწვიოს.
პრემიერი ბორის ჯონსონი გაზეთში მოყვანილ მონაცემებს და პროგნოზებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მონაცემები მოძველებულია და წინა მთავრობის მიერაა შექმნილი, თანაც მათში გათვალისწინებულია მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი შედეგები.საინტერესოა, რომ ეს მასალები The Sunday Times-ის ხელში ბორის ჯონსონის ევროპის ლიდერებთან შეხვედრის წინ მოხვდა. 21 აგვისტოს პრემიერი გერმანიის კანცლერ მერკელს, ხოლო 22-ში - საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ხვდება. შეხვედრებზე, სავარაუდოდ, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ახალ შეთანხმებაზე იქნება საუბარი, რომელშიც ბრიტანეთისთვის, ტერეზა მეის დროს გაფორმებულ დოკუმენტზე უკეთესი პირობები იქნება გაწერილი.
ჯონსონის კაბინეტის წევრები, კერძოდ, BREXIT-ის კოორდინატორი მაიკლ გოუვი აცხადებს, რომ შეშფოთება მკაცრი სცენარის შემთხვევაში გადაჭარბებულია,
"ევროკავშირიდან გასვლის გზაზე, რა თქმა უნდა იქნება გარკვეული უსწორმასორებები, მცირე რყევები და დამანგრეველი ეფექტებიც, უმოქმედობის შემთხვევაში, თუმცა ამ დოკუმენტმა, რომელიც ყველაზე უარეს ვარიანტს ითვალისწინებს, საშუალება მოგვცა გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა ამ პროცესის შესარვილებლად," - განაცხადა მან.
ამასთან გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში მიაჩნიათ, რომ ამ დოიკუმენტს BREXIT-ის მოწინააღმდგეები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და ვითარება სულაც არ იქნება ასეთი რთული. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდგეები ქვეყანაშ BREXIT-ის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, რასაც ბრექსიტისტები ეწინააღმდეგებიან.
მასალის გამოყენების პირობები






