ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლისთავზე ვლადიმერ პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. „საზოგადოებრივი აზრის ფონდის“ მონაცემებით, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, პუტინს ხმას მოსახლეობის მხოლოდ 43% მისცემდა. ასეთი დაბალი რეიტინგი პუტინს მხოლოდ მისი გაპრეზიდენტების პირველ წელს ჰქონდა - 42% 2001 წლის აპრილში.
ექსპერტების დაკვირვებით ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნა მაისში დაიწყო (49%) და უარყოფით პიკს ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიაღწია, როდესაც მოსკოვში ოპოზიციის აქციების დარბევები და მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.
კვლევების შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ პუტინი თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს, 36 პროცენტი კი პრეზიდენტს საერთოდ არ ენდობა.
ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ პუტინს ალტერნატივა კვლავ არ აქვს - მომდევნო ადგილებზე 10-10 პროცენტით ვლადიმერ ჟირინოვსკი და კომუნისტი პაველ გრუდნევი არიან.
მართალია, ჯერ კიდევ მაღალია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც მიიჩნევს, რომ პუტინი კარგად ართმევს თავს მოვალეობას (60% -კი, 27%-არა, 13%-უჭირთ პასუხის გაცემა), მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ეს მონაცემი უფრო რისეთის ლიდერის წარსულ საქმიანობას ეხება და მომავალში პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა.
"ხალხი ხვდება, რომ "ძლიერი ხელისუფლების" ნიღაბქვეშ ჩვეულებრივი ავტორიტარიზმი და კორუფცია იმალება," - აცხადებენ ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები






