ზუგდიდში დღეს, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გაიხსნა. ოფიციალურ გახსნაზე, ომში დაღუპულის კაპრალ სერგეი გოროზიას დედამ მზია გოროზიამ მერიას მემორიალის გამო უსაყვედურა - ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივპრესი" ავრცელებს.
„ჩვენი ბიჭები არ იყვნენ ბეტონის ძეგლის ღირსები, არ არის აუცილებელი ძეგლი იყოს. იყოს თუნდაც აბსტრაქტული ფიგურა და დაეწეროს მკვეთრად კარგად რომ ჩანდეს და არა მიკროსკოპით ჩვენი ბიჭების სახელები და გვარები. მე პირდაპირ საყვედურს ვუცხადებ ზუგდიდის მერიას. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ბეტონი, თანამედროვე ძეგლები ასე არ კეთდება, ეს უფრო სამამულო ომის გმირების ძეგლს ჰგავს.
შეხედეთ, დღეს საველე ფორმას პაგონი არ აქვს, წოდება უკეთიათ მკერდზე, ჩექმა არ აცვია ჯარიკაცს“, - მიმართა მზია გოროზიამ მემორიალის გახსნაზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ თქვა, რომ მზია გოროზია მემორიალის ესკიზის შექმნაში თავიდან ჩართული იყო.
„ბუნებრივია იქნება შენიშვნები, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ქალბატონ მზიას შენიშვნებს, ვინაიდან ეს არის ძირითადად დეკორატიული მხარეები და ამას შევცვლით, რაც შეეხება მასალას, ეს არ არის უბრალო რკინა-ბეტონი, ეს არის სპეციალური კოგლომერატი, რომლისგანაც ხდება ქანდაკებების და ძეგლების ჩამოსხმა. ეს არ არის საბჭოთა მემორიალი, ვინაიდან აქ არის ჯვრიანი დროშა, ასევე ეს არ არის ჩექმა, ეს არის დაბალყელიანი სამხედრო ფეხსაცმელი, მესმის მისი პრეტენზიები, რადგან მას სურდა უფრო დიდი კომპოზიციის შექმნა,მაგრამ ეს სივრცე არ გვაძლევდა ამის საშუალებას რომ უფრო დიდი მემორიალი დაიდგას. როგორც ბიჭებმა იცხოვრეს მოკრძალებით, ასეთივე მოკრაძალებული ძეგლი დაიდგა. ეს არის აბსტრაქცია რომელიც წარმოადგენს მაღალმხატვრულ ღირებულებას“, - უთხრა ლაშა ჯიქიამ ჟურნალისტებს.
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის დედის პრეტენზიები გათვალისწინებული იქნება.
„ჩვენ შევეცდებით გავითვალისწინოთ მაქსიმალურად შენიშვნები. შესაძლებელია კორექტირება, იქ მცირე კორექტირებაზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ზუგდიდის მერმა გუიროგ შენგელიამ, გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ომში დაღუპულ კაპრალ ბადრი ბერანძის შვილთან ერთად გახსნეს. ბერანძის ოჯახმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მემორიალთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ზუგდიდის ცენტრალურ პარკშია განთავსებული. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 ათას 984 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები






