ინტერესს იწვევს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ჩვენს სინამდვილეში ბევრჯერ ნანახი სპორტული სოლიდარობისა, ამ რეზონანსული საქმის მსვლელობისას არცერთი მოჭიდავე დათუნაშვილს გვერდით არ დაუდგა! ამასთან, ინტერვიუში ბევრმა ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ გაიჟღერა.
ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს 2018 წლის იანვარში დაუპირისპირდა. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურა დათუნაშვილმა აზერბაიჯანელ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და მაგიდაზე დაუფურთხა. გავრცელებული ინფორმაციით მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (შეაგინა) ფედერაციის პრეზიდენტსაც, რომელთანაც მანამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
წყაროს ინფორმაციით, დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის დიდი ხნის განმავლობაში ახლო მეგობრული ურთიერთობა იყო და სპორტსმენს ხშირად ფედერაციის პრეზიდენტის ფავორიტადაც მიიჩნევდნენ. მისივე თქმით, გეგეშიძე მაქსიმალურად ხელს უწყობდა დათუნაშვილს წარმატების მიღწევაში, უზრუნველყოფდა, რომ ის ყოფილიყო ყველა სპორტულ შეკრებასა და ტურნირზე.
როგორც ამბობენ, მათ შორის ურთიერთობის პირველი დაძაბვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწყო, დათუნაშვილი კი „ფაქტორი ლაივისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ფედერაციის მესვეურები მას და მწვრთნელებს „წილში ჩასხდომას“ სთხოვდნენ. ეს ინფორმაცია ჩვენ სხვა მოჭიდავეებთანაც გადავამოწმეთ და ისინი ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევას მათთან ადგილი არ ჰქონია.
დათუნაშვილი აცხადებს საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი ამ კონფლიქტმა გადააწყვეტინა, მაგრამ როგორც ჩანს, უცხოეთში წასვლას ზურა დათუნაშვილი ამ ყბადაღებულ ინციდენტამდეც გეგმავდა, რადგან მას პრეტენზიები ჰქონდა და აქვს საქართველოში მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, (სპორტსმენის ხელფასი 750-1000 ლარამდ მერყეობს, მაგრამ საპრიზო ადგილზე მოხვედრის შემთხვევაში 10 000-50 000 ლარამდე პრემიაა გათვალისწინებული).
ეს ინცინდენტი კი მან საზღვარგარეთ წასვლის მოტივად გამოიყენა. თუმცა ფედერაციასთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება და ავტომატურად მიენიჭება 24 თვიანი სერთაშორისო დისკვალიფიკაცია. სავარაუდოდ ესაა იმის მიზეზი რომ ცდილობს დაჩაგრულად გამოჩნდეს მსოფლიო ფედერაციის თვალში და აირიდოს 24 თვიანი დისკვალიფიკაცია. ამავე ინტერვიუში სპორტსმენი ამბობს რომ, თავდაპირველად ევროპაში სურდა წასვლა, თუმცა საბუთების და დროის ფაქტორის გამო, ევროპაში კარიერის გაგრძელებას ვერ მოახერხებს. საგულისხმოა, რომ მას შუააზიის რომელიმე სახელმწიფოს სახელით სურს იასპარეზოს. დათუნაშვილი ინტერვიუში თავად აღნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბით (განსაკუთრებით შუააზიასა და რუსეთში) კორუფციული გარიგებები ძალიან ხშირია... ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ გარბის ქვეყნიდან ‘კორუფციისა და მიკერძოებულობის’ გამო ზურაბ დათუნაშვილი შუააზიაში, სადაც სპორტში კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვენებლის გარდა უდიდესი კონკურენციცაა? ან რატომ აქვს იმედი, ჭიდაობის ფედერაციის იქაური მესვეურები მას, უცხო ქვეყნიდან ჩასულ სპორტსმენს ხელს უფრო მეტად შეუწყობენ ვიდრე საკუთარი ქვეყნის სპორტსმენებს?! ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია!
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, დათუნაშვილს რთული ურთიერთობა აქვს დანარჩენ მოჭიდავეებთანაც, თუმცა ისინი კამერასა და ჟურნალისტებთან ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ. „მართალია დათუნაშვილი ნამდვილად კარგი მოჭიდავეა, ძლიერი სპორტსმენია, თუმცა საკმაოდ უხეში და უცერემონიოა, უზრდელი ენა აქვს, იგინება, რის გამოც მას არაერთხელ მოსვლია კონფლიქტები როგორც თანაგუნდელებსა და ფედერაციასთან, ასევე მსაჯებთანაც“- ამბობს წყარო.
მაგალითად, მან ცხვირი გაუტეხა მსაჯ ალექსანდრე პატარქალიშვილს (როგორც ამბობენ, დათუნაშვილი ხშირად, ჩხუბში საკუთარ ძმასთან ერთად მონაწილეობს ხოლმე და სხვათა შორის, მისი ძმა ახლახან კიევში გადავიდა საცხოვრებლად ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო).
მას ასევე ინცინდენტი შეემთხვა უცხოეთში გამართულ ერთ ერთ ტურნირზე, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს. შედეგად დათუნაშვილი ტურნირიდან მოიხსნა. მომხდარის შემდეგ ფედერაციამ, რომელსაც ის ახლა თავგამოდებით ებრძვის, მაქსიმალურად უზრუნველყო სპორტსმენისთვის რეპუტაციის შენარჩუნება.
დათუნაშვილი ვიდეოინტერვიუში ასევე ამტკიცებს, რომ ის ფედერაციაში უსამართლობას და ახლობლობას (ნეპოტიზმს) ებრძოდა. მისი განცხადებით, ფედერაცია საშუალებას არ აძლევდა ნიჭიერ ახალბედა სპორტსმენებს, თავი გამოეჩინათ, რის გამოც მას ხშირად გამოუთქვამს უკმაყოფილება და შესულა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტში. მაგრამ როცა საქმე მას ეხებოდა, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის მიიჩნევდა, რომ ახალბედა ნიჭიერი სპორტსმენი არ უნდა წასულიყო ტურნირზე და წასვლა მას ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან რეაბილიტაციის რთული კურსი გაიარა, ფედერაციამ მის სურვილს ანგარიში გაუწია და დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე გაგზავნა.
ეს ფაქტი მისი ერთ ერთი ინცინდენტის, ცივი იარაღით დაჭრის და რეაბილიტაციის შემდეგ მოხდა, რაც მოწმობს, რომ იმხანად დათუნაშვილი საუკეთესო სპორტულ ფორმაში ნამდვილად არ იყო და მიუხედავად ამისა ფედერაციამ მის სურვილს გაუწია ანგარიში.
ეს დაჭრის ფაქტი, საზოგადოებამ დიდი ხნით დაივიწყა, მანამდე, სანამ დათუნაშვილი ინტერვიუს მისცემდა. ის ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გარდა დაპირისპირება და კონფლიქტი არავისთან ჰქონია, რომ ის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა დაკვირვების შედეგად ნამდვილად ჩნდება არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ყველაფერი ისეთი დალაგებულ-დავარცხნილი ან უპრობლემო სულაც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, ან როგორც თავად სპორტსმენი ამტკიცებს.
ინტერვიუს მსვლელობისას დათუნაშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად არ სვამს ბევრს, რადგან სიმთვრალეში „ხასიათი გაურბის“. როგორც ჩანს, ამ „გაქცევას“ მისთვის ბევრჯერ შეუქმნია პრობლემები და თანაც სერიოზული პრობლემები.
მაგალითად, რას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ 2017 წელს ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნებული სპორტსმენი სამ-ოთხ დღეში ლამის სასიკვდილოდ დაჭრეს? მისი მტკიცებით, კონფლიქტი „პარკინგზე“ ბანალური შეკამათების გამო დაიწყო. დათუნაშვილს 7 შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის ღრუში, გავრცელებული ინფორმაციით, მას ჩხუბი კალათბურთელებთან მოუვიდა.
ჭრილობებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესაც და სპორტულ კარიერასაც, სპორტსმენმა ოპერაცია გაიკეთა ამერიკაში და რეაბილიტაციის რთული პერიოდიც გაიარა, თუმცა ამ კონფლიქტის დეტალებზე არც თავად სპორტსმენი, არც სხვა მოჭიდავეები არ საუბრობენ. საინტერესო და უცნაურია ის გარემოება, რომ ინციდენტში დამნაშავე პირის წინააღმდეგ უმძიმესი ჭრილობებით დაზარალებულმა, საიკვდილოდ დაჭრილმა ზურა დათუნაშვილმა სარჩელი არ შეიტანა. იგი ამ ფაქტს, იმ გარემოებით ხსნის, რომ ჩხუბში მონაწილეებთან მას საერთო სამეგობრო და საახლობლო აღმოაჩნდა. ისიც აღსანიძნავი და ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ინციდენტი გახმაურების მიუხედავად მიიჩქმალა და საქმე დაიხურა. რანაირად მოახერხა დათუნაშვილმა პროკურატურაში საქმის ჩაფარცხვა ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მაშინ როცა მას არცერთი წამით უკან არ დაუხევია გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირებაში და საქმე დღემდე წარმოებაშია, აქედან გამომდინარე ისმის ლოგკური კითხვა: რატომ არ უჩივლა მას, ვინც ფაქტობრივად მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელყო, ასევე ეჭქვეშ დააყენა ორგზის ევროპის ჩემპიონის სპორტული კარიერა და მომავალი?!
ზურა დათუნაშვილის ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი გაუხმაურებელი, თუმცა საკმაოდ საჩოთირო ეპიზოდი: 2014 წელს სპორტულ შეკრებაზე ფინეთში ყოფნისას (მაშინ ის ჯერ კიდევ არ ფლობდა ჩემპიონის ტიტულს), სავაჭრო ცენტრ „ვარტადან“ როგორც ამბობენ სპორტსმენმა ბოტასები მოიპარა! ქურდობის გამო იგი ფინეთიდან დეპორტირებული იყო, თუმცა შემდეგ ჭიდაობის ფედერაციამ გამოიჩინა კეთილი ნება და იშუამდგომლა ფინეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, თავდებში ჩაუდგა სპორტსმენს და ითხოვა, კვლავ დაეშვათ ტურნირზე სპორტსმენი. (არის სხვა ვერსიაც დეპორტაციასთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, უფრო სერიოზული მიზეზით)
გარდა ზემოხსენებული კონფლიქტებისა, ზურა დათუნაშვილი რამდენიმე სხვა ინცინდენტშიც მონაწილეობდა. კერძოდ, შარდენზე ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელთან მომხდარ კონფლიქტში ის და მისი ძმა ფიგურირებენ. ასევე რესტორან „ქალაქურში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ყბა მოსტეხა ვინმე დავით ვ.-ს.
ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა დათუნაშვილის ისტორიაში, თუნდა ის რომ სპორტსმენი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ლოიალური აღმოჩნდა ადამიანის მიმართ, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა ის და არ პატიობს მცირე ინცინდენტს ყოფილ მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს, რომელიც მხარში ედგა და კარიერულ წინსვლაში ეხმარებოდა. ზურა დათუნაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს საქართველოს სახელით ჭიდაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გეგა გეგეშიძემ მას ბოდიში მოუხადა და შესთავაზა ფედერაციაში დაბრუნება.. საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და ლოგიკურია, რომ სპორტსმენის დაჩაგვრას ფედერაცია კი არა ვერავინ შეძლებს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნული სპორტი მოითხოვს ძალას, გამბედაობას და შეუპოვრობას (ხსენებული ფაქტორები კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ მისი დაპირისპირება ფედერაციასთან და უცხოეთში წასვლის სურვილი მხოლოდ ოფიციალურად განცხადებული მიზეზით არ არის მოტივირებული).
საგულისხმოა, რომ დათუნაშვილი დღესდღეობით არ აგრძელებს აქტიურად სპორტულ კარიერას, თუმცა რეგულარულად იღებს ხელფასს. სახელმწიფოს მასში დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული ხელფასის, პრემიების, შეკრებებზე გაგზავნის თუ ევროპის ჩემპიონად აღზრდაში და ამ დიდი მატერიალური თუ ადამიანური რესურსის ხარჯვის პირობებში ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ინტერესებში შედის, მისმა აღზრდილმა ჩემპიონმა იასპარეზოს საქართველოს სახელით და იმიჯი არ შეულახოს ქვეყანას და ფედერაციას.
რაში სჭირდება დათუნაშვილს სახელმწიფოს ან ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ, ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.
ქეთევან კიკნაძე
მასალის გამოყენების პირობები






