„სამსუნგი“ საქართველოში კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს. თანამშრომლობის მემორანდუმი „ერისიონთან“ გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას.
მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული სოლო კონცერტი ჩატარდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ანსამბლის კიდევ ერთი დიდი წარმატების წინაპირობა იქნება. ხარატიშვილმა კომპანია „სამსუნგს“ მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდა დაინტერესებისაკენ.
„დღევანდელი დღე არის საუკუნეების მქონე ანსამბლის კიდევ ერთი აღიარება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს კულტურის კეთილდღეობაზე, ძალიან სასიამოვნოა როდესაც კერძო სექტორი იღებს პასუხიმგებლობას და ინიციატივას. ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ სამსუნგის, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა გაიზიარა და ანსამბლს ძალიან მალე ექნება სრულიად განახლებული კოსტუმები, როგორც სასცენო ისე სარეპეტიციო. ეს ანსამბლის კიდევ უფრო დიდი წარმატების წინაპირობა იქნება, ეს არიას გზავნილი მთლიანად ყველა კერძო სექტორის, რომ მეგობრებო ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციებს ხელი შევუწყოთ“ - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორი ჯეისონ ლი ქართველ მომხმარებლებს, დიდი სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის მადლობას უხდის და ანსამბლ „ერისიონის“ მხარდაჭერით სამსუნგ-საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპს აანონსებს.

„სამსუნგი გლობალურად ახორცილებს ინოვაციურ წარმოებას. საქართველოში ჩვენი მიზანი არის, არამხოლოდ ტექნოლოგიური მხარე განვავითაროთ, არამედ მხარი დავუჭიროთ თითოეული მოქალაქის კარგად ყოფნას, განვითარებას. შესაბამისად ჩვენი საქართველოში მოღვაწეობის ახალი ეტაპი დაიწყო და გვერდით ვუდგავართ ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც არის კულტურა და იმედი გვაქვს ჩვენი ეს ნაბიჯი იქნება ფართოდ მიღებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება მომავალში. გვინდა, ამ ნაბიჯით მომხმარებლებს მადლობა გადავუხადოთ. დღევანდელი დღე იქნება ახალი ნაბიჯი, რომ გადავიდეთ სამსუნგის და საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპზე “ - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 135 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.
„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა კომპანია „სამსუნგს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა არამხოლოდ ანსამბლისთვის არამედ, ქართული კულტურისა და ხელოვნებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„სასიხარულო ამბავია, არა მხოლოდ ერისიონისთვის არამედ ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის, ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატება კოსტიუმების და ფორმების დაფინანსებით, ასობით კოსტუმია, რომელთა გაახლება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს კოსტუმები დიდი მერაბ ბერძენიშვილის დიზაინით არის შექმნილი და ამას აუცილებლად შევინახავთ ისტორიისთვის მისი სახეც შენარჩუნდება“ -განაცხადა ჭკუასელმა.„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხმარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.

სამსუნგის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერის ეკა კვირიკაშვილის თქმით, ანსამბლი „ერისიონი“ ქართული ტრადიციების შენარჩუნების ნამდვილი მაგალითია; ანსაბლის მხარდაჭერით კომპანიას სურს ერთგულ მომხმარებლებს სიყვარული უკან დაუბრუნოს და მომავალ თაობას შეუნარჩუნოს ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც კულტურაა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან სამსუნგისა და ერისიონის თანამშრომლობა დაიწყო. სამსუნგი 2006 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და უკვე 13 წელია რაც ჩვენი მომხმარებლებისგან ვიღებთ ძალიან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას. ჩვენ გლობალურად ვახორცილებთ, სოციალური პასუხიმგებლობის პროექტებს, მაგრამ ამჯერად საქართველოში გადავწყვიტეთ, რომ კულტურის სფეროს დავუდგეთ გვერდით; ერისიონი ნამდვილი მაგალითი არის, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები, განვავითაროთ და გავაცნოთ მსოფლიოს ქართული კულტურა; ამ ნაბიჯით გვინდოდა უკან დაგვებრუნებინა ის სიყვარული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რასაც კომპანია სამსუნგი მათგან იღებს. - აღნიშნა ეკა კვირიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები






