მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი დასასრულისკენ მიდის. ბოლო ერთი კვირა ქვეყანას ორი მთავრობა მართავდა, თუმცა, დემოკრატიულმა პარტიამ უკან დაიხია და დღეიდან ქვეყანას პროევროპული ბლოკის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მიერ დაკომპლექტებული მთავრობა გაუძღვება.
დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. იგი დადებითა აფასებს ორივე დაპირისპირებული მხარის გადაწყვეტილებას, პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე და აცხადებს,, რომ ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ მთავრობებს, რომლებიც დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარებისათვის ზრუნავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს. მოლდოვური ტელეარხების ცნობით, ერთი კერძო თვითმფრინავი მოსკოვში, ერთი ოდესაში, კიდევ ერთი კი ლონდონში დაეშვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლაინერის ბორტზე ოლიგარქი ვლადიმერ პლაჰოტნიუკიც იმყოფებოდა, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლების უზურპაციის ბრალდებით შესაძლოა, საქმე აღიძრას.
კიშინიოვიდან 5 ჩარტერული რეისი შესრულდა სტამბოლის მიმართულებითაც. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვეს, რაც მთავრობა პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით სრული შემადგენლობით გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ხატია დეკანოიძეს თანამშრომლობა შესთავაზა. შეთავაზება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოლდოვური ტელეარხის პირდაპირ ეთერში მიიღო.
რამდენიმე დღით ადრე, ასევე პირდაპირ ეთერში მოლდოვის პრემიერმა მაია სანდუმ დახმარებისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რეფორმების გატარებაში დახმარება სთხოვა, რაზეც სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






