დღეს, 13 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მსოფლიოს ახალი ამბების სააგენტოების მე-6 კონგრესი გაიხსნა. კონგრესში მონაწილეობას იღებენ ყველა კონტინენტის ქვეყნების ახალი ამბების სააგენტოების ხელმძღვანელები. მსოფლიო კონგრესში ერთი ქვეყნიდან ერთი სააგენტოა წარმოდგენილი. კონგრესის მუშაობაში პერსონალური მიწვევით, როგორც BSANNA-ს (შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსი) ყოფილი პრეზიდენტი, „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა აკადემიის“ დირექტორი გოჩა მირცხულავა მონაწილეობს.
კონგრესის გახსნას, რომელშიც ბულგარეთის პრეზიდენტიც მონაწილეობს, დაესწრო ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი. ფორუმის ერთ ერთი უმთავრესი თემაა - ფეიკნიუსი- რეალობა თუ ტერმინი ხელისუფლებების გადარჩენისთვის.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო სხდომა გაიმართება, სადაც მონაწილეები ახალი ამბების სააგენტოების როლზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. საკუთარი მოსაზრებებითა და პოზიციით მსოფლიო ფორუმის მონაწილეების წინაშე გოჩა მირცხულავაც წარსდგება.
„15 წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებები ქართული მედიის და კერძოდ ახალი ამბების სააგენტოების საქმიანობის იგნორირებას ახდენენ. მედიის ამ სეგმენტში სახარბიელო ვითარება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის - ვგულისხმობ ინფორმაციების ქურდობა-მითვისებას და ორკაციანი სააგენტოების არსებობას, ფეიკნიუსებს, მაგრამ ის რაც ამ მხრივ საქართველოში ხდება, ცხადად მეტყველებს, რაოდენ ცუდად ესმით ჩვენთან მედიის - ახალი ამბების სააგენტოების როლი და ფუნქცია. არც ერთი მედიასეგმენტი მსოფლიოში არ არის ისე ორგანიზებული როგორც ახალი ამბების სააგენტოები. ერთი წლის განმავლობაში ამ სეგმენტის ასამდე ფორუმი იმართება და საქართველოს ხმა თითქმის არსად არ ისმის. არ ვიყენებთ უდიდეს კავშირებსა და შესაძლებლობებს მაშინ, როდესაც ცალკეული სახელმწიფო უწყებები ერთ ოთახში გამოკეტილ ორ-სამ თანამშრომლიან სააგენტოებს აფინანსებენ. ამ მხრივ რაც ჩვენთან ხდება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს", - აცხადებს მირცხულავა.
მისივე თქმით, მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ის დააყენებს საკითხს საერთაშორისო ეთიკის საბჭოების შექმნის შესახებ, რომელსაც ნაციონალურ დონეზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლება - დაწყებული საავტორო უფლებების დარღვევით, ჟურნალისტური ეთიკის ნაციონალური და საერთაშორისო სტანდარტების უგულველყოფით, კერძო, საჯარო პირების, კომპანიების, ცალკეული ჯგუფების უფლებების დაცვით და რა თქმა უნდა, თავად მედიაკორპუსის წარმომადგენელთა უფლებების უზრუნველყოფისთვის. საბჭოს იდეა ჩაფიქრებულია, როგორც საერთაშორისო სააპელაციო მედია არბიტრაჟის უფლებით.
"არსებული იდეის მიხედვით ეთიკის სააპელაციო არბიტრაჟი მხოლოდ ახალი ამბების სააგენტოების სეგმენტზე კი არ იმუშავებს, არამედ სრულიად მედიის, რადგანაც ბორდის იდეა ისეა წარმოდგენილი, რომ მასში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც იქნებიან", - აცხადებს მირცხულავა.
ფორუმი მუშაობას 15 ივნისს დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






