მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთადერთი პრეტენდენტი 7 წლის უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონია.
მეფობა სურს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, თუმცა მის გარშემო იმდენი სკანდალია, რომ მის გამეფებას ბაგრატიონ-გრუზინსკები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმების წერტილი შესაძლოა უფლისწული გიორგის გამეფებაში იპოვონ.
ვრცელდება ინფორმაცია , რომ ტახტის კიდევ უფრო გასაძლეირებლად 7 წლის ბავშვს სამომავლო საცოლეც შეურჩიეს და კანდიდატი იმერელი ბაგრატიონების წარმომადგენელია.
„ნიუპოსტმა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატთან სცადა. ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ 7 წლის უფლისწულისთვის ცოლის შერთვის შესახებ „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება, სამეფო ოჯახისა და კონსტიტუციურ მონარქიის იდეის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ეს არის დეზინფორმაცია და იდეის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ამდაგვარი მდაბიო ქმედებებით. პატარა გიორგი ჯერ სულ რაღაც 7 წლისაა. საუბარი მისთვის ცოლის შერთვაზე სასაცილოა. ერთადერთი რაზეც მისი მშობლები ფიქრობენ ეს არის უფლისწულის აღზრდა და მისთვის სათანადო განათლების მიცემაა. ეს არის დღის წესრიგი და არა მისთვის ცოლის მოყვანა.
ჯერ ერთი, როგორ უნდა მოიყვანოს პატარა გიორგიმ იმერეთის პრინცესა?! იმერეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის ვინც არიან, ერთადერთი ოჯახია ბაგრატიონებში დარჩენილი. ამ ოჯახში არის ორი ქალბატონი, ვინც პრინცესად შეიძლება მოვიხსენიოთ- ესენი არიან ქეთევანი და თამარი. ორივე დედად ერგება პატარა გიორგის, ორივე გათხოვილია და ორივეს ოჯახი ჰყავს.
რაც შეეხება პატარა პრინცესას, სამეფო სახლის მეთაურს, ირაკლი ბაგრატიონს ჯერ ცოლი არ ჰყავს, შესაბამისად არც შვილი ჰყავს და არარსებულ პრინცესაზე როგორ დანიშნავდნენ? იდეურად ხო სისულელეა და ეს ხალხი რომ გაგიჟდა, ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებენ. ასეთი ნიუსების გავრცელება საზოგადოებაში მონარქიის იდეის დისკრედიტაციას ემსახურება. იციან რომ მონარქიის აღდგენის წინააღმდეგ ბრძოლა უარგუმენტოა და ამიტომ ახლა გამოდიან და ასეთი ფეიკ ნიუსებით წერენ, რომ თურმე აღდგება ბატონყმობა, ჩამოართმევენ გლეხებს მამულებს და დაუბრუნებენ თავადებს და აზნაურებს, 7 წლის ბავშვს არარსებული პრინცესა შერთეს და ასე შემდეგ. ანუ როდესაც იდეის წინააღმდეგ არგუმენტი არ გაქვს გადადიხარ ყალბ შეტევებზე, ეს არის სულ“- გვითხრა მეფის ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






