მოლდოვას პარლამენტში „სოციალისტებმა“ და მემარცხენე პროევროპულმა ბლოკმა კოალიციის ჩამოყალიბებაზე კონსენსუს მიაღწიეს. არჩევნებიდან 3 თვის შემდეგ, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის” (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი სოციალისტების პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.
სხდომას 101 დეპუტატიდან მხოლოდ 61 ესწრებოდა. სხდომის ტრანსლირება ვებ-პორტალ Privesc-ზე ხდებოდა, რომელიც რუმინეთსა და მოლდოვაში მაუწყებლობს.
მაია სანდუს განცხადებით, მათი პროგრამა ითვალისწინებს „ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული რეჟიმიდან, ეკონომიკის აღდგენას და თანამშრომლობას სავალუტო ფონდთან, კორუფციასა და სიღარიბესთან ბრძოლას“.
„სოციალისტურმა“ პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს მოლდოვას პრეზიდენტს იგორ დოდონს და პროევროპულ ბლოკს „მოქმედება და სოლიდარობა“ (PAS) მთავრობა დააკომპლექტა.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდა, პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადდა.
პარლამენტის სხდომა უშუქობის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ტექნიკური პერსონალი არ მივიდა.
ცნობისათვის, დემოკრატიული პარტიის ვიცე-რეზიდენტი ანდრიან კანდუ აცხადებდა, რომ პარტია არ ცნობდა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც აღნიშნული პარლამენტი მიიღებდა.
აღსანიშნავია, რომ 8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, მათი განცხადებით, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადება ჯერ კიდევ პარლამენტის საგანგებო სხდომის დასრულებამდე გამოჩნდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიიჩნევა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, პარლამენტი, რომელმაც სამი თვის განმავლობაში კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, უნდა იქნას დათხოვნილი და მას საკანონმდებლო საქმიანობისა და მმართველი ორგანოების ჩამოყალიბების უფლება არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






