პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და შავი „ინფინიტის“ გაქროლება კაპიტოლიუმის მიმართულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აშშ–ის სპეცსამსახურების შენაერთები რამდენიმე წუთში საგანგებო მზადყოფნაზე გადასულიყვნენ: კონგრესმენები და მოქალაქეები, რომლებიც კაპიტოლიუმის ბორცვთან პარკში ისვენებდნენ, თავშესაფრებში გადაიყვანეს, ქუჩები კი შეიარაღებული სპეცრაზმელებით აივსო.
ვიდეოკადრებზე, რომელიც შემთხვევით გადაიღო ერთერთმა დამსვენებელმა, კარგად ჩანს, რომ „ინფინიტი“ არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას მას შემდეგაც კი, რაც პარკთან ბორდიურს მიადგა, უკან კი პოლიციის მანქანამ გზა ჩაუკეტა.
კადრში ჩანან შეიარაღებული, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებმაც საქარე მინებაწეულ მანქანაში მყოფ, როგორც შემდეგ გაირკვა, 34 წლის ქალს, კონექტიკუტის შტატში მცხოვრებ სტომატოლოგს იარაღს უმიზნებენ და მანქანიდან გადმოსვლას სთხოვენ.




როგორც ჩანს, ქალი, რომელსაც მანქანაში დაახლოებით ორი წლის ბავშვი ეჯდა, დაიბნა და გაქცევა გადაწყვიტა. მან მანქანა დიდი სიჩქარით, უკუსვლით დაძრა და ბარიკადის სახით მის უკან მდგარი ავტომობილი გატარნა, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის შენობის მიმართულებით გაქანდა, პოლიციის მანქანები კი გამოუდგნენ.
დევნის ბოლო ეტაპზე პოლიციელებმა ქალს ცეცხლი გაუხსნეს. ვაშინგტონში ბაზირებული სხვადასხვა მსოფლიო მედიასაშუალებების ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მათ 15–დე გასროლის ხმა გაიგონეს. დაჭრილი ქალის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, „ენბისიმ“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქალს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ბავშვი უვნებლად გადარჩა.
თავდაპირველი ინფორმაციით, ქალმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ქალი საერთოდ არ ყოფილა შეიარაღებული.
ჟურნალისტებთან საუბარში კაპიტოლიუმის პოლიციის შეფმა განაცხადა, რომ ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ის ვერ დაუკავშირებს ამ ინციდენტს ტერაქტის მცდელობას ან სხვა რაიმე ძალადობრივ ფაქტს, თუ არ ჩავთვლით პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.
შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაზარალდა. სავარაუდოდ, ის გატარნულ მანქანაში იჯდა, ერთერთი ვერსიით კი ქალმა დაჭრა. დაზარალებული ვერტმფრენით გადააფრინეს ჰოსპიტალში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






