საქართველოს უჟანგბადო და "უსივრცო" დედაქალაქს ახალი და აქამდე არსებულთაგან არანაკლებ დამთრგუნველი თავსატეხი გაუჩნდა: ქალაქის მერიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ვაკის გული, ი. ჭავჭავაძის გამზირის ზომიერი ნაწილი, გადაკეტა მოულოდნელად, რამაც, ბუნებრივია, ახლებური საცობების აღმოცენების შიში წარმოშვა - გაჩნდა დამაჯერებელი განცდა, რომ საცობში მოხვედრილი ამიერიდან ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა საცობამდელ ან უსაცობო ცხოვრებას.
გამოითქვა დუნე წუხილი (რადგან არადუნე წუხილს უკვე აღარავინ გამოთქვამს 2012 წლის შემდეგ), რომ საერთოდაც რამდენად საჭირო იყო ი. ჭავჭავაძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთის გადაკეტვა ამ ბუნდოვანი "სარეაბილიტაციო სამუშაოების" გამო და წინასწარ იქნა შერისხულ-შეგინებული ყველა ის ხილულ-უხილავი მოხელე, რომელმაც გაბედა და ისედაც საცობში გაჭედილები, კიდევ უფრო ღრმა საცობში გაგვჭედა.
ამ წუხილთა საპასუხოდ თუ თავის წარმოჩენის მიზნით, ქალაქის მერი თავისი ფეხით ეახლა ვაკის გულს და ერთ-ერთ ორმოს, საცობში გაჭედილ თუ გაუჭედავ ხალხთა დასანახად, ახადა თავსახური, ანუ ძველქართულად „ლიუკი“, სწორედაც იმის დასამტკიცებლად, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც გადაუდებელ აუცილებლობად ქცეოდა ვაკის ეპიცენტრს.
და ვინც თავისი თვალით იხილა ეს ვიდეოარგუმენტი, შემდეგ სიტყვა აღარ დასცდენია მოსალოდნელ საცობებში გაჭედვის დრამის შესახებ, რადგან რაც იხილა, ყველა მოულოდნელ დრამაზე უარესი აღმოჩნდა:
თანამოქალაქენო, ქალაქი თურმე მძღ...რზე დგას!
ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, ვაკე პირდაპირი მნიშვნელობით, გავარვარებულ ქაქზე ტივტივებს!
ნეტა ეს კი არ მენახა იმ საშინელ ვიდეოსამხილში: ლამისაა ორმოს ზედაპირამდე ამოსულიყო განავლის დაბუშტული და საეჭვოდ მოფუთფუთე მდინარე (ვისაც არ სჯერა და არც ვიდეოსამხილი უნახავს, ვურჩევ, მოიძიოს ეს სამხილი, ანაც ფარულად ახსნას თავი რომელიმე ორმოს და თავადვე ტუცოს თითი ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნის მაოხრებელ, უჩინარ საქაქეთს).
სრულად იხილეთ radiotavisupleba.ge-ზე
მასალის გამოყენების პირობები






