ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტთან არსებულ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში, ხოლო წარმატებული სტუდენტები სტაჟირების შემდეგ დასაქმდებიან ამ უწყებებში. ასეთი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა.
თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძის თქმით, „გარდა იმისა, რომ სტაჟირება ანაზღაურებადია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისთვის, არსებობს მათი დასაქმების რეალური პერსპექტივაც. უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა აუცილებელია, მათ შორის, გაიმართოს შეხვედრები, საჯარო ლექციები.“
თსუ სტუდენტები სასწავლო პროცესის დროს მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ. „მემორანდუმი, ემსახურება სტუდენტების მოზიდვას ჩვენს სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი. ვაპირებთ, რომ სტაჟირების დამთავრებისთანავე წარჩინებული სტუდენტები დავასაქმოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში,“- აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.
„მემორანდუმიუს მიზანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაგეგმილ ტრენინგებსა თუ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, ასევე გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა,“ - განაცხადა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს კერძო, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია თსუ სტუდენტებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






