6 მაისს, ერევანში, მაღაზია „ბუკინისტში“ წიგნის „ჩემი სხეული - ჩემი პირადია“ პრეზენტაცია სკანდალით დასრულდა. წიგნის განხილვაში ჩაერთო ადამიანთა ჯგუფი რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ წიგნი გარყვნილებას ქადაგებდა და სომხური ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ იყო მიმართული. დაპირისპირება ამ თემაზე გაგრძელდა სოციალურ ქსელებშიც. თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ მას 8 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანიც გამოეხმაურა, თავისი პრემიერობის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
პაშინიანის თქმით, სომხეთში წელწადში საშუალოს 50-70 პედოფილიის შემთხვევა ფიქსირდება, მისი შეფასებით ასეთი მაჩვენებელი აიხსნება იმით, რომ ბავშვები ასეთ სიტუაციებში მოუმზადებლები არიან. ისინი ხშირად ვერ ხვდებიან რა ხდება და თუ ინტუიციურად რამე „არასწორს“ გრძნობენ, არ იციან, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ. პაშინიანის თქმით, წიგნი ხელს შეუწყობს მოსახლეობის სექსუალური განათლების დონის ამაღლებას .
„ყველა საუბრობს გარყვნილებაზე, თუმცა არავინ კითხულობს, საიდან გაიგებენ ჩვენი შვილები სექსუალურ ცხოვრებაზე - ერთმანეთისგან, აკრძალული პორნოსაიტებიდან, მშობლებს მიაყურადებენ? წიგნში არაფერი ექსტრაორდინალური არაა. საერთოდაც, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის რამდენი პროცენტია საკმარისად განათლებული სექსუალური ცოდნის თვალსაზრისით? პატივისცემით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ და მზად ვარ, მათი მოსაზრება მოვისმინო, რატომ არის ეს გარყვნილება. აუცილებელია, ბავშვების სქესობრივი განათლების უზრუნველყოფა. შუა საუკუნეებში ხომ არ ვართ.“- განაცხადა პრემიერმა.
პაშინიანმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ სომხურ ოჯახებში მიღებულია ბავშვისთვის გინების სწავლება და ვერავინ ხვდება, რომ სწორედ ეს არის გარყვნილება.
“მოდის სტუმარი და ეუბნებიან ბავშვს, აბა შეაგინე. ისიც იგინება და იწყება სიცილ-ხარხარი. რატომღაც ამ ფენომენს არავინ უწოდებს გარყვნილებას.”
პაშინიანის აზრით, წიგნი ექსპერტებმა უნდა განიხილონ და ამ საკითხისადმი მიდგომა პრიმიტიული პოზიციიდან არ უნდა მოხდეს.
„არსებობს სტატისტიკა რომ იმპოტენცია - ეს უმრავლეს შემთხვევაში ქორწინების პირველ ღამესთან დაკავშირებული გაუნათლებლობის შედეგია. განა ეს არაა სერიოზული პრობლემა, დემოგრაფიული, ოჯახური და ასე შემდეგ? თუ ეს მხოლოდ „ჰა-ჰა-ჰა“ და „ჰი-ჰი-ჰი“ თემაა?!“- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






