გორში სახალხო დღესასწაული - ოქონობა აღინიშნება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ,,ოქონობა“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ სამშაბათს აღინიშნება. საზეიმო წირვა-ლოცვა ოქონის სახელობის მშენებარე ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა, ტრადიციულად საზეიმო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში მოაწყეს. მსვლელობა როგორც წესი, ოქონის ხატის თანხლებით ეწყობა. მსვლელობას რიგით მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გორის სახალხო დღესასწაული “ოქონობა“ ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღადგინეს და წელს უკვე მე-16 აღინიშნა.
დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნევა. ის თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
მასალის გამოყენების პირობები






