ეჭვი, რომ ქალი სავარაუდოდ ბავშვებს გაყიდვას უპირებდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუჩნდათ, პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი დადგინდა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყვნენ დაბადებული.
სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.
„მკურნალობას აგრძელებს ორი ბავშვი - შვიდი თვის და ერთი წლის. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, დინამიკა სტაბილურია და ალბათ, რამდნიმე დღეში დატოვებენ კლინიკას.
სავარაუდოდ ეს უკავშირდება კვებას, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ ეს დამოკიდებულია ლაბორატორიულ კვლევებზე,“-ამბობს ექიმი.
საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას, როცა მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქის რეფერალურ კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს. როგორც გაირკვა ბავშვები ზუგდიდის ერთერთ საცხოვრებელ სახლში მეურვესთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები უკრაინის მოქალაქეები არიან და ისინი მეურვის მიმერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ქალი, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა ამტკიცებდა, რომ მცირწლოვნები მისი შვილები არიან, თუმცა არსებული ინფორმაციით, ბავშვები, სავარაუდოდ, აფხაზეთში გასაყიდად გდაჰყავდათ.
როგორც „ნიუპოსტს“ შს სანისტროდან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.
მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში).
მასალის გამოყენების პირობები






