გოგონებს სურთ, რომ მათი გადაყვანა სხვა მესამე ქვეყანაში მოხდეს, რადგან საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამო, თბილისში ჩამოსვლას შეძლებენ მათი ოჯახის წევრები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არაბი გოგონების საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს და დახმარება ითხოვეს. არაბი დები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ჩვენს ქვეყანაში გოგოებს განათლების საშუალებას არ აძლევენ. აიძულებენ გათხოვებას. არ გვაძლევენ ინტერნეტით სარგებლობის უფლებას. ოჯახები მონებივით გვებყრობიან. ჩვენ გვევალება მხოლოდ სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთება. არ შეიძლება ქუჩაში გასვლა. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნებს შორის გვაქვს უვიზო რეჟიმი და ძალიან ვჩქარობდით, რომ ოჯახის წევრებს არ ვეპოვეთ. სახლში ყოველ დღე შიშის და საფრთხის ქვეშ ვართ. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, რომ ვართ ქალები. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას რომ დაგვიცვას. ვთხოვთ, რომ გადაგვიყვანონ თავშესაფარში და შემდეგ დაგვეხმარონ სხვა, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრებაში, რადგან საქართველოში დარჩენა საშიშია. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმია და ჩემი ოჯახის წევრებს შეუძლიათ თავისუფლად ჩამოვიდნენ და მოგვძებნონ,“-განაცხადა მაჰა ალ-სუბაიემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დები მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას დათანხმდნენ. ისინი თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები






