პიტ ბუტიჯეჯი, შტატ ინდიანას ქალაქ საუტ-ბენდის მერი, გახდა ბოლო დემოკრატი, რომელიც ოფიციალურიად ჩაერთო საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ მარათონში.
37 წლის ბუტიჯეჯმა ამის შესახებ კვირას საუტ-ბენდში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
ბუტიჯეჯი ჰარვარდისა და ოქსფორდის კურსდამთავრებული და ავღანეთის ომის ვეტერანია, პიტი, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ ლანდშაფტში სრულიად უცნობი იყო, გამოკითხვების თანახმად დემოკრატებში მესამე ადგილს იკავებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვერმონტის სენატორის ბერნი სანდერსის შემდეგ.
მალტელი ემიგრანტის შვილი ჰარვარდის კოლეჯში ზუსტად იმ დროს სწავლობდა, როცა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. ბუტიჯეჯს მიღებული აქვს როდსის პრესტიჟული სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, მან 7 თვე გაატარა ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ძალების სარეზერვო შემადგენლობაში, როგორც ანალიტიკოსმა და დაზვერვის სამსახურის მძღოლმა. ის ასევე მუშაობდა კონსულტანტად McKinsey & Company-ში. როგორც ამბობენ ბუტიჯეჯი 7 ენაზე ლაპარაკობს, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ესპანურს და ნორვეგიულს თავისუფლად ფლობს.
2011 წელს ის თავისი მშობლიური ქალაქის საუტ-ბენდის მერად აირჩიეს , რომლის მოსახლეობაც 100 ათას ადამიანს შეადგენს.
დემოკრატების პრაიმერიზში გამარჯვების შემთხვევაში ბუტიჯეჯი გახდება პირველი ღიად გეი საპრეზიდენტო კანდიდატი, ხოლო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის პირველი ღიად გეი პრეზიდენტი.
ბუტიჯეჯი დაქორწინებულია, მისი მეუღლე არის ჩესტენ გლეზმენი. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა.
საუტ-ბენდის მერმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის 7 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. ანალიტიკოსების აზრით ჯერ ისევ გასარკვევია შეინარჩუნებს თუ არა ბუტიჯეჯი იმ იმპულსს, რომელიც მის მიმართ გაჩნდა და იქნება თუ არა ბოლომდე პოპულარული.




მასალის გამოყენების პირობები






