64 წლის ნუნუ შარიქაძეს დიაბეტი აწუხებს. ორი თვის წინ მას ცალი ფეხი მოკვეთეს, ხოლო მეორე - ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა. ახლა ეს ხანდაზმული ქალი საწოლს არის მიჯაჭვული.
კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. ნუნუ შარიქაძის გვერდით კიდევ ერთი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი წევს, მისი მეუღლე, 72 წლის ფრიდონი. 8 წლის წინ მან ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ვერ გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, უჭირს ყლაპვა და საშინლად იტანჯება.
ჯანდაცვის სამინისტრომ ნუნუ შარიქაძეს უარი უთხრა ინსულინით მომარაგებაზე და აჭიანურებს ამ ავადმყოფი ქალის სახელმწიფო პროგრამაში ჩასმას. ჩვენ ვესაუბრეთ ნუნუ შარიქაძეს:
-როგორ მოხვდით თბილისში?
ნუნუ შარიქაძე: ზესტაფონის რაიონში ვცხოვრობდით. 20 წლის წინ გავყიდეთ იქ სახლი და გადმოვედით თბილისში. ავაშენეთ ბარაკის ტიპის სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოიქცეს. გვეგონა, რომ დედაქალაქში ავაწყობდით ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩემი მეუღლე პროფესიით არის მძღოლი, შოულობდა, როგორც იტყვიან, 2 კაპიკს, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მძიმე სენით დაავადდა.
-თქვენ როდის დაგისვეს დიაბეტის დიაგნოზი?
ნუნუ შარიქაძე: რამდენიმე წლის წინ, ნერვიულობის ნიადაგზე...
-შვილები გყავთ?
ნუნუ შარიქაძე: ერთი ბიჭი მყავს. იგი ახლა 46 წლისაა. სამსახური ვერსად იშოვა. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე ერთდღიანი სამუშაო - ან რამეა დასანგრევი ან გადასატანი, მეტი არაფერი...
-ოჯახი ჰყავს?
ნუნუ შარიქაძე: დიახ. უფროსი გოგო 3 წლისაა, ხოლო მეორე 9 თვის. იგი დღენაკლული დაიბადა და დღემდე საავადმყოფოში წევს.
-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?
ნუნუ შარიქაძე: პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ამ ფულით მედიკამენტს და ელემენტარულ საკვებს ვყიდულობთ.
-ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოს როდის მიმართეთ ინსულინის თაობაზე?
ნუნუ შარიქაძე: 3 კვირის წინ იყო ჩემი რძალი მისული. უთხრეს, რომ დამატებით რაღაც დოკუმენტები არისო შესაგროვებელი. არ მესმის რატომ აჭიანურებენ და მაწვალებენ...
-ვინ გეხმარებათ?
ნუნუ შარიქაძე: ჩერნოვეცკის ფონდის გარდა არავინ გვეხმარება. ჩვენ ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ნუნუ შარიქაძე: დიდი მადლობა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად ამყოფოს კეთილი ადამიანები! ახლა მთელი ჩემი გონება ავადმყოფი შვილიშვილისკენაა მიმართული... ვოცნებობ ნორმალურ საცხოვრებელზე, ჩემი შვილის ოჯახის ბედნიერებაზე...
მეგობრებო, ნუნუ შარიქაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. მის ოჯახს უაღრესად უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას და მის მეუღლეს დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი!
თქვენ შეგიძლიათ მათ დახმარება აღმოუჩინოთ და ტანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუნუ შარიქაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/444-sharikadze/?fbclid=IwAR3p1f3AEJe4tnVakzw41WlJfy741NuS64rlB8ItBC9hnF5GtgcHOR8jcd8
მასალის გამოყენების პირობები






