„ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება, არ წამართვა შვილი და მეორეჯერ მაჩუქა მისი სიცოცხლე. დიდება უფალს“ - გვითხრა გიორგის დედამ - ნანა ვარდიაშვილმა, რომელსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:
- რა მდგომარეობაშია დღეს გიორგის ჯანმრთელობა?
ნანა: თავის ქალა ჰქონდა ძალიან დაზიანებული, უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა... ახლა ეპილეფსია და კრუნჩხვები აწუხებს, საწოლს არის მიჯაჭვული, თუმცა ბოლო დროს საწოლზე წამოჯდომა ისწავლა. გიორგის არ შეუძლია საუბარი, ვერ ჭამს დამოუკიდებლად, პრაქტიკულად არაფერზე რეაგირებს.
-მარტო როგორ უმკლავდებით გიორგის მოვლას?
ნანა: დიახ, მარტოხელა დედა ვარ. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია... ჯერჯერობით გვიდგას სული. მეუღლემ მიმატოვა, მეორე შვილი გარდაცვლილი მყავს. გიორგისთვის რომ მემკურნალა, გავყიდე ბინა, ავტომანქანა, ბიბლიოთეკა, ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. გიორგი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
-ნაქირავებში ცხოვრობთ, არა?
ნანა: დიახ, სოციალურად დაუცველი ოჯახი გახლავართ და ბინის ქირას მერია იხდის. პირობები აქ ნორმალურია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ გვიწევს ღამის თევა!
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?
ნანა: პენსია - 200 ლარი და სოციალური შემწეობა - 120 ლარი. თანხის დიდი ნაწილი წამლებზე და საკვებ პროდუქტებზე მიდის, ამას ემატება კომუნალური გადასახადები...თან, ამ ბოლო დროს ყველაფერი გაძვირდა... გიორგი საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსის გავლას, თუმცა ამისთვის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გამაჩნია. ვიფიქრე, თირკმელს გავყიდი და ამ თანხით ვუმკურნალებ მეთქი შვილს, მაგრამ გადამაფიქრებინეს..მითხრეს, რომ მერე ფიზიკურად ძალიან გაგიჭირდებაო ავადმყოფის მოვლა.
-ვინ გეხმარებათ? ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის?
ნანა: ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადში 3-ჯერ გამოყოფს ფულს წამლებისთვის, თუმცა თანხა დიდი არ არის...რამდენიმე წლის წინ კეთილმა ადამიანებმა დააფინანსეს გიორგის ურეკში გამგზავრება სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად...ნათესავებიც გვეხმარებიან, თუმცა ამას ერთჯერადი ხასიათი აქვას, არ არის სისტემატური დახმარება. ძალიან განვიცდი, მაგრამ სასოწარკვეთაში არ ვვარდები... მერე გიორგის ვინ მოუვლის?
-რაზე ოცნებობთ?
ნანა: არაფერზე ვოცნებობ გარდა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისა. ჩემი გონება მხოლოდ მისკენ არის მიმართული. მე ხომ დედა ვარ...თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მიჭირს. მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამ ოჯახში მდგომარეობა ძალიან რთულია. გიორგი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს. გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და აჩუქეთ მომავლის იმედი.
ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ვარდიაშვილი).თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/443-vardiashvili/
მასალის გამოყენების პირობები






