9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა იმ დროის ყველაზე ცნობილი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გააცოცხლა, თუმცა შედეგი სავალალო გამოდგა.
30 წლის წინ, მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას იმ დროისთვის ცნობილი და პოპულარული ყველა ქართველი მომღერალი ასრულებდა: ქალები, კაცები, ბავშვები... ქვეყანში არსებული ემოციური ფონიც ისეთი იყო, რომ სიმღერა მაშინვე იქცა ერთგვარ ჰიმნად, რომელსაც ქვეყანა უნდა ენუგეშებინა და ხალხი დაეიმედებინა. სიმღერის მხატვრულ ღირებულებაზე მაშინ არც არავის უმსჯელია და ამის არც დრო იყო და არც ნერვები. ქვეყანაც მადლიერია ამ სიმღერისთვის და ის სამართლიანად ითვლება ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.
30 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა და 9 აპრილის შემოქმედმა რუსეთმა საქართველოს ამ 3 ათეულ წელში არაერთი სისხლიანი დღე გაუთენა, ჯემალ სეფაშვილმა სიმღერის „გაცოცხლება“ გადაწყვიტა. ქვეყანა ისევ რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, ნუგეშისა და იმედის საჭიროება ისევ არის, ოღონდ არა იმგვარი სახით რომელსაც ჯემალ სეფაშვილის განახლებული „ტიტები“ სთავაზობს. სიმღერას, რომელიც იმ ტრაგიკულ მოვლენას ეძღვნება, რომელსაც 21 ადამიანი, მათ შორის 17 ქალი (!) ემსხვერპლა, მხოლოდ კაცები ასრულებენ, რადგან ჯემალ სეფიაშვილი თვლის, „რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას.“ ჯემალ სეფიაშვილის ამგვარი განმარტება ძალას კარგავს ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობის მოპოვების იდეასაც საფუძველი 17 ქალის მსხვერპლად შეწირულმა სიცოცხლემ ჩაუყარა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკას საზღვარგარეთ გადახვეწილი თუ ქვეყანაში დარჩენილი ქალების თავდაუზოგავი შრომა ამოძრავებს.
გენდერული დისბალანსსა და საზიანო სტერეოტიპების გამყარებას თავი რომ დავანებოთ, სიმღერის ახალი ვერსია მხატვრული ღირებულებით არათუ დაიკვეხნის არამედ სავალალო მდგომარეობაშია. 2 ათეულზე მეტი კაცი სიმღერას ისეთი მანერით მღერის, მაყურებელი/მსმენელი ვერ მიხვდება რა უნდათ და რას ცდილობენ. ზოგი რომანტიულად თვალებმინაბული აპირებს ტიტების ჩუქებას, ზოგი თავის სექსუალურობის და „მომაკვდინებელი ღიმილის“ დემონსტრირებას ცდილობს, ზოგი წაუსტივვანდერებს და ზოგი კი იმისთვის მონაწილეობს ამ გაუგებრობაში, რომ სეფიაშვილს ხათრი ვერ გაუტეხა, ზოგი კი საერთოდ ვინ არის?
აღნიშნული სიმღერის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ სახოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა, სამაგიეროდ მისი პრეზენტაცია იმედის ეთერში „პრაიმ შოუში“ შედგა, სტუდიაში მიწვეულმა კომპოზიტორმა და მომღერლებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და კიდევ ერთხელ განუცხადეს ამ ქალებისგან გადარჩენილი ქვეყნის მაცხოვრებლებს, რომ „ქვეყნის სიძლიერე და დამცველი მამაკაცია.“
სიმღერა თავისი კლიპითურთ, სოციალურ ქსელში დიდი განხილვის თემა გახდა:
"ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი"
“ეს რომ ვინმე უცხოელს ვუთარგმნოთ, იმ გეებს, ვისაც აქ ჩაგვრის გამო მისცეს თავშესაფარი, ეგრევე გამოყრიან.
თქვენ გქონიათ გენაცვალე გეისამოთხეო
კაცები თავისთავად, მაგრამ როგორი უნიჭობაა ეს
ნადეჟდას ნიშანია მარცხნენა კუთხეში? თუ მეჩვენება რაღაც“
„ნეტავი რომელიმე მომღერალმა უარი თქვა ამ მარაზმში მონაწილეობაზე? "ძაან პატივს გცემთ, ფულიც ძალიან მჭირდება, მაგრამ ბოდიში, ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ":)
მოვესწრებით ოდესმე საქართველოში უარს?“- წერს კინომცოდნე გოგი გვახარია.
,,ყველას სიყვარულში გიტყდებით'' ,,გლოცავთ და მიშრება ყელი'' ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი" ქართული გეი ჰიმნი დაიდო.”- წერს მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე.
“შავი ხვრელის ვიდეო”- ასე შეაფასა სიმღერის ახალ ვესიაზე შექმნილი კლიპი ტელეწამყვანმა დავით კოვზირიძემ.
„ამდენი კაციდან ერთსაც არ გაუპროტესტებია ის, რომ არცერთ ქალს არ მისცეს უფლება, რომ ეს სიმღერა ემღერა. გამოვიდნენ და ასე "ვაჟკაცურად", კოხტად და ლამაზად იმღერეს მხოლოდ " ძლიერმა" კაცებმა! ღმერთო! რა ბანძები ხართ!“- წერს ფეისბუკმომხმარებელი მაია კოტრიკაძე.
“თავისი ცისანა მაინც ჩაესვა”- წერს ფეისბუკმომხმარებელი ხატია ლაღიძე.
„ეს არის გენიალური სიმღერა ! გენიალურ ლექსზე! ძალიან ძლიერად შესრულებული!! - ო, სისხლო რა უცებ წყალდები ! ო, გულო რა უცებ თვრები ! TV Imedi თქვენ ვერ მიხვდით რატომ გაწყალდა სისხლი და რა იყო მიზეზი , "პოინტი" ხორცის ცხელი სიმღერით დაღადვრის"??!!! დაა ვინ არის არანჟირების ავტორი ? და ესენი მე მაპატიეთ მაგრამ არ არიან მუსიკოსები! და წვმას და თოვლს ვის ჩუქნიან - ნაშებს ? ვისთვის "ფხიზლობენ და ჩურჩულებენ -ამინს?"!!!! ეს არის თქვენი , ჩემი და ნებისმიერი ნორმალური ქართველისთვის ძალიან ძალიან მტკივნეული თემა! არ შეიძლება "გაკარიკატურება" ამ თემის ! ჰოპ ჰოპ და სიმღერა გამოაცხეთ, რეიტინგი დაიდეთ ! ეს არ შეიძლება ამ თემაზე ! მოხსენით ეს "სიმღერა", შეცდომა ვის არ მოსვლია.“- წერს ფეისბუკმომხმარებელი მაკა მჭედლიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






