ევროპის კომისარი სოფლის მეურნეობაში - დაჩიან ჩოლოში აცხადებს, რომ ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოლდავური ალკოჰოლური პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ.
„ეს ნიშნავს, რომ მოლდავური ღვინისთვის ევროპის ბაზარზე არ იქნება შეზღუდვა არც ექსპორტის მოცულობის და არც სატარიფო პოლიტიკის მხრივ. რაც შეეხება ხარისხს, არსებობს სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ყველა ღვინო. მოლდავური ღვინო კი შეესაბამება ამ მოთხოვნებს“, - ამბობს ევროკომისარი.
„გადაწყვეტილება მოლდავური ღვინისათვის ევროპის ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ მიღებულია წინსწრებით - მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე. ის ძალაში შევა რამდენიმე თვეში, თუმცა მოლდავური ღვინო ახლავე შეუზღუდავად შევა ევროპის ბაზარზე. ეს ხარისხიანი ღვინოებია, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდებიან. ჩემი აზრით, სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა ინვესტირებისთვის მოლდავეთის ღვინოთწარმოებაში ევროპის ბაზრის პერსპექტივის გათვალისწინებით“, - განაცხადა ჩოლოშმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ, უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის გამო, მოლდავური ღვინის რუსეთში მიწოდების შეწყვეტის შესახებ 11 სექტემბერს გამოაცხადა.
მოლდავეთის პრეზიდენტმა - ნიკოლაე ტიმოფტიმ რუსეთის ქმედებას „არამეგობრული, არაძმური და არაქრისტიანული“ უწოდა. მისი აზრით, რუსეთი ახდენს ზეწოლას მოლდავეთზე, რათა აიძულოს უარი თქვას ევროპაში ინტეგრაციაზე.
ევროპაში მოლდავეთს თავისი ღვინოთწარმოების პროდუქციის 10% შეაქვს, ხოლო რუსეთში - 30%-ზე მეტი, 22% - ბელორუსში, ხოლო 10% - ყაზახეთში.
მასალის გამოყენების პირობები






