აღნიშნული ცვლილებები მსოფლიო საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. გაერო ბრუნეისგან ცვლილებების გაუქმებას მოითხოვს, ცნობილი სახეები კი ბრუნეული კომპანიების ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიან.
ბრუნეი ახალი კანონების ძალაში შესვლის შემდეგ გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც შარიათის კანონებმა მოქმედება ეროვნულ დონეზე დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა „აზიის საუდის არაბეთად“ გარდაიქმნება.
აღნიშნული კანონები ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღეს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არ ამოქმედებულა. ცვლილებების ინიციატორი ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰია.
სასტიკ კანონებს აკრიტიკებენ ცნობილი ადამიანები, მათ შორისაა ჯორჯ კლუნი, ელტონ ჯონი, ელენ დეჯენერესი და სხვები. აქტივისტები მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნებს გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები სასულთნოსთან და ბოიკოტი გამოუცხადონ ბრუნეულ კომპანიებს.
ჰომოსექსუალობა ამ ქვეყანაში ადრეც კანონგარეშედ იყო გამოცხადებული, თუმცა სასჯელად მხოლოდ პატიმრობა იყო გათვალისწინებული.
კანონის ძალაში შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მსოფლიოში მასშტაბური საპროტესტო კამპანია დაიწყო, რომელიც ისევ გრძელდება.
„ჰომოსექსუალობისთვის ან ღალატისთვის ადამიანის ჩაქოლვა არის ამაზრზენი და ამორალური. დედამიწაზე ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ პატივი სცენ და შიშის გარეშე იცხოვროს.“- დაწერა თავის ტვიტერზე აშშ-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ითხოვს, რომ სასულთნომ დაუყოვნებლივ უარი თქვას ახალ კანონებზე, რომელსაც უფლებადამცველები „ღრმად მანკიერს“ უწოდებენ.
ბრუნეის კანონის ამოქმედების შეჩერების მოწოდებით მიმართეს დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა და გაერომ.
ლგბტ თემის წარმომადგენლებმა სასულთნოდან ემიგრირება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, მაშინ როდესაც შარიათის კანონების ამოქმედების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა ისინი ქვეყანაში დარჩენილი თემის წევრების გამო ღელავენ, რადგან ნებისმიერი მათგანი შესაძლოა ახალი კანონის მსხვერპლი გახდეს.
ამერიკული გამოცემა Oil and Gas Journal-ის შეფასებით, ბრუნეი ნავთობის მარაგებით რეგიონში მეოთხე ადგილზეა. ენერგომატარებლების ძირითადი ნაწილის ექსპორტს ის აზიაში ახდენს. მისი ერთ-ერთი მთავარი მყიდველი ჩინეთია. ექსპერტები ვარადობენ, რომ ბრუნეიმ შესაძლოა თავისი ეკონომიკა მთლიანად ჩინეთზე გადააწყოს, თუ დასავლეთის ქვეყნები კრიტიკას გააგრძელებენ და მის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებენ. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონების წინააღმდეგ პროტესტს ბრუნეის მეზობელი ქვეყნებიც გამოთქვამენ, თუმცა მათი მხრიდან ჯერჯერობით ეს პროტესტი არ გაჟღერებულა.
მომზადებულია bbc-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






