თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. მაშველებმა ორივე მუშის ცხედარს მიაგნეს.
იყო თუ არა სამუშაოების დროს შრომითი ნორმების დარღვევის ფაქტი - შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ბექა გერაძის განცხადებით, კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო.
„დეტალურად, ალბათ, დღის ბოლოს ან უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტულად, უშუალო და სისტემურ მიზეზებზე ვისაუბროთ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა,“ - განაცხადა ბექა გერაძემ.
ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, პირველადი დათვალიერების დროს გარკვეული დარღვევები გამოიკვეთა.
„ზოგადი დათვალიერებით ობიექტზე პირველადი ხარვეზები არსებობს, თუმცა, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც, დღის განმავლობაში გაგრძელდება მოკვლევა. უნდა შევისწავლოთ ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაოების გეგმა, როგორ იყო დაგეგმილი და რამდენად სწორად ხორციელდებოდა მისი შესრულება. კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევაზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამის შემდეგ,“ - განაცხადა გერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






