დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება.
„როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა, რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

მასალის გამოყენების პირობები






