თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ სტამბოლში, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად გადაკეთდეს: „ეს გამორიცხული არაა, შესაძლებელია სახელიც შევუცვალოთ და აიასოფიას მეჩეთი დავარქვათ“- განაცხადა ერდოღანმა თურქულ ტელეკომპანია TGRT-თან.
„ეს უცნაური წინადადება არაა“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდა ის თითქმის 5 საუკუნის განმავლობაში.
„მოგეხსენებათ, ეს მეჩეთი მუზეუმად 1935 წელს გადაკეთდა და ეს იყო რესპუბლიკური სახალხო პარტიის მენტალიტეტის გამოხატულება. ჩვენც ასევე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი და ეს შევცვალოთ.“- აღნიშნა ერდოღანმა და აქცენტი გააკეთა რესპუბლიკური სახალხო პარტიის მკაცრ სეკულარულ პოლიტიკაზე 30-იან წლებში, ეს პარტია ერდოღანის მთავარი ოპოზიციაა ახლა.
ტაძარი წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსულმანურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.
1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
მასალის გამოყენების პირობები






