სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. უწმინდესის განცხადებით, რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის რა შეიძლება მომხდარიყო საქართველოს ცხოვრებაში:
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ისტორიული, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს – აღდგენა ავტოკეფალიისა საქართველოს ეკლესიისა. ჩვენ ქედს და მუხლს ვიყრით ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამ აღდგენისთვის. ეს იყო კირიონ პატრიარქი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და სხვა.
საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგალის დროს, მეხუთე საუკუნეში. პირველი კათოლიკოსი პეტრე ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიდან და ამ საუკუნეების განმავლობაში სულ ვიცავდით ჩვენს ავტოკეფალიას. 1500 წელი დასჭირდა, რომ ეცნო მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ჩვენი ავტოკეფალია. ეს იყო დიმიტრიოსი, რომელიც მოღვაწეობდა ბართლომეოს პირველის წინ.
შევთხოვთ უფალს, რომ ავტოკეფალია სუფევდეს საქართველოში. ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






