კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ფეშენებელურ სავაჭრო ცენტრში აყვანილ მძევლებთან ერთად გამაგრებული ტერორისტი ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მძევლების გათავისუფლების მიზნით დაწყებულია და ამ დროისთვის კენიის არმიამ, რომელიც სპეცოპერაციაში ჩაერთო, მძევლების უმეტესი ნაწილი გაათავისუფლა.
განცხადებაში, რომელიც კენიის ხელისუფლებამ გაავრცელა, მძევალთა რიცხვი არ არის მითითებული, თუმცა, ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას 4 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. „როიტერის“ მონაცემებით, ამ დროისთვის მძევლად რჩება დაახლოებით 30-დე მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტებმა 21 სექტემბერს მოულოდნელი შეტევის შემდეგ ცენტრში მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანეს, მუსულმან მოქალაქეებს შენობის დატოვების უფლება პირველივე წუთებიდან დართეს, დანარჩენები კი მძევლებად აიყვანეს და თითქმის ორი დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი დახოცეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 68-ს მიაღწია, დახოცილებს შორის არიან კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეები, ასევე კენიის პრეზიდენტის ნათესავები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო. ტერაქტს უკვე გამოეხმაურა მსოფლიო: აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კენიის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა და თანადგომა აღუთქვა. კენიაში მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც.
მასალის გამოყენების პირობები






