მშობლების მონაყოლის თანახმად, პირველკლასელი ბიჭის დედა ირწმენებოდა, რომ მის შვილს, რომელიც ლეიკემიისგან 2016 წელს განიკურნა, რეციდივი განუმეორდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა წაეყვანა სამკურნალოდ.
მშობლებმა თანხა შეაგროვეს და დაახლოებით 2 000 ლარი, მშობელს პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს.
მშობლები ამბობენ, რომ მოსწავლის დედამ მოიტყუა, კერძოდ, მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და იაშვილის კლინიკაში გაარკვიეს, რომ მოსწავლის დედას არცერთი მათგანისთვის არ მიუმართავს და პატარა არც საზღვარგარეთ წაუყვანია სამკურნალოდ.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თემის გარკვევას ხმაური მოჰყვა 179 სკოლაში - მშობლები ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რაში დაიხარჯა მათ მიერ შეგროვებული თანხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი თანხის უკან დაბრუნებას არ ითხოვენ, რადგან აცნობიერებენ, რომ პატარას შესაძლოა ნამდვილად სჭირდებოდეს ანალიზებისთვის თანხა, თუმცა მათი მოთხოვნით დედამ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.
აღნიშნული მოსწავლის დახმარების სურვილი გამოთქვა სკოლის დირექციამაც. როგორც დირექტორმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, შექმნილი გაუგებრობისა და კითხვების ფონზე პირადად ესაუბრა მოზარდის მშობელს და ფორმა 100-ის წარდგენის შემთხვევაში ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა, თუმცა პირველკლასელის დედამ ოფიციალური ცნობის წარდგენაზე უარი განაცხადა.
„ძალიან ცუდ დღეში აღმოჩდნენ მშობლები. როგორც ვიცი, კლასის მშობლებმა აღნიშნულ ქალბატონს გარკვეული თანხა შეუგროვეს, რადგან დედა ამბობდა, რომ შვილი ლეიკემიით იყო და დღეები დათვლილი ჰქონდა, ქალბატონი პატარას საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრობდა. ჩვენს მოსწავლეს 2016 წელს ლეიკემია ნამდვილად ჰქონდა და ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს ადმინისტრაციაში, ამიტომ დედის სიტყვები ყველამ დავიჯერეთ, რომ რეციდივი განმეორდა. თუმცა მშობლებმა გაარკვიეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, გადარეკეს, გაარკვიეს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაშვილის კლინიკაში. აღმოჩნდა რომ მიმართვიანობა არ იყო“- განაცხადა ხათუნა ნებიერიძემ.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლის დედას გუშინ ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვს რეციდივი არ განმეირებია, უბრალოდ ნაღვეველზე გაუკეთდა ოპერაცია.
„რაღაც წანაზარდი მოჭრეს, თუ ამოტუმბეს ვერ გეტყვით. ამბობს, რომ კლასელების მშობლების მადლობელია. გაკეთდა თუ არა ოპერაცია ნამდვილად, ამას თურქეთში ვერ გავარკვევ, ხელი არ მიმიწვდება. ამბობს, რომ გერმანიაშიც აპირებს წასვლას“- აღნიშნა ნებიერიძემ.
მისი თქმით, მშობელმა უთხრა, რომ „ბიძინა ივანიშვილთან იყო და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დახმარებას დაჰპირდა“.
ნებიერიძის თქმით, გუშინ 6 წლის ბიჭუნას დედამ უთხრა, რომ ლეიკემიის შესახებ ინფორმაცია „ქართველ ექიმებზე დაყრდნობით გაავრცელა“.
„ნიუპოსტი“ იმ მშობელსაც ესაუბრა, რომელმაც პატარას დასახმარებლად თანხა შეაგროვა.
მანანა ბარამიძე გვიყვება, რომ ქალი ყველა მშობელთან მეგობრობდა, თუმცა გაირკვა, რომ უმრავლესობა მათგანისგან ვალის სახით თანხა აქვს აღებული.
ამასთან მისი თქმით, თავის დროზე აღნიშნული ქალისთვის ჩაბარებული, ზეიმის თანხაც „დაიკარგა“.
„ეს ქალბატონი ზეიმის წინა დღეს გვეუბნება, რომ პალტოდან ფული დაკარგა, რას ვიზამდით, საახალწლო ზეიმი ჩაიფარცხა. ზამთრის არდადაგების დასრულების შემდეგ მოვიკითხეთ ბავშვი, დედა გახარებული იყო, რომ ანალიზებმა ცუდი არაფერი აჩვენა, ყველაფერი კარგად არისო. გადის ორიოდე კვირა და ე.წ. („ნიუპოსტმა“ გადაწყვიტა, რომ ქალის ვინაობა არ გაამხილოს) ტირილით მოდის სკოლაში. გვითხრა, ბავშვს დაუბრუნდა ლეიკემია და სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ თურქეთშიო. ბუნებრივია, ყველა შევწუხდით. პირადად მე შევაგროვე 2 000 ლარამდე და ანგარიშზე ჩავურიცხეთ აღნიშნულ ქალბატონს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღეში, ე.წ.-სგან მოდის ინფორმაცია, რომ ფული არ მჭირდება და მშობლებს დაუბრუნეთო. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რადგან ეს თანხა შეგროვდა ბავშვისთვის, თანხა მოხმარებოდა ბავშვს, რადგან გვესმის, რომ მას ანალიზები სჭირდება“- ამბობს ბარამიძე.
მშობელი „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ტყუილი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-ერთმა მშობელმა ე.წ. თბილისში საკუთარ სადარბაზოსთან ნახა“.
„დავეჭვდით, როგორ, ოთხშაბათს თუ ოპერაცია გაუკეთეს ბავშვს, ხუთშაბათს როგორ იყო ეს ქალბატონი თბილისში. ამის შემდეგ ე.წ. ისევ გვიკავშირდება თითქოს თურქეთიდან და ამბობს, რომ თბილისში ორშაბათამდე ვერ ჩამოვა, რადგან ერთი ანალიზი ვერ ესწრება. საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი მშობლი დაუკავშირდა და კითხა თბილისში იყო თუ არა. ამის შემდეგ ე.წ-მ სთხოვა აღნიშნულ მშობელს, რომ არ გაემხილა ეს ინფორმაცია, რადგან კლასელებისთვის სიურპრიზის გაკეთება სურდა. მართლაც, ოთხშაბათს მოვიდა სკოლაში სახელობითი ჭიქები მიართვა ბავშვებს და მშობლებს შვილის გადარჩენისთვის მადლობა გადაგვიხადა. ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი, არცერთ ჩვენთაგანს არ მოსვლია აზრად, რომ ე.-სთვის ჯანმრთელობის ცნობა მოეთხოვა. ამის შემდეგაც გაარკვია ერთ-ერთმა მშობელმა რომ ე.წ. მთელი ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ის თურქეთში გვეგონა თბილისში ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თანხის დაბრუნება არ გვინდა, ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა ბავშვს ანალიზებისთვის თანხა სჭირდება, უბრალოდ ეს აფერა რაში დასჭირდა?!
ახლა ჩემს რძალს უთხრა, რომ პრეზიდენტმა დააფინანსა და ბავშვი გერმანიაში მიჰყავს გამოკვლევებზე“- აღხადებს ბარამიძე.
„ნიუპოსტმა“ იმ მშობლის ჩაწერაც მოახერხა, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს. ე.წ. მშობლების მიერ თანხის ჩარიცხავას ადასტურებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ბავშვს ანალიზები გაუკეთა და არა ოპერაცია, როგორც ამას მისი შვილის თანაკლასელის მშობლები ამბობენ.
„ბავშვს ლეიკემია ჰქონდა, ახლა არ აქვს. იაშვილის კლინიკაში ვიწექით, ჩაუტარდა გამოკვლევები. ბავშვი არის ჯანმრთელი. თანხა არავისთვის მითხოვია, თვითომ მითხრეს, რომ ბავშვისთვის ააგროვეს. მე უარი ვუთხარი და ამის დამადასტურებელი მიმოწერაც მაქვს შნახული. მითხრეს, რომ ეს თანხა გამომადგებოდა და თვითონვე დამირიცხეს თანხა. ამ წუთის მონაცემით ბავშვი მკურნალობს, დაცვით თერაპიაზე ვართ, ანალიზები, კონტროლი გვჭირდება. იაშვილის კლინიკაში დავდივართ და როგორც იცით, ეს ყოველივე დაფინანსებაში არ შედის.
ბავშვს ამავდროულად ელენთაზე ჰქონდა პრობლემები და თანხა მაგისთვის... ოპერაცია არაფერი გაკეთებულა. თუ ამ თანხაზეა პრობლემა ანგარიშზე მაქვს.
რაც შეეხება დირექტორის ზარს, ქალბატონმა ხათუნამ დამირეკა და მითხრა, თუ ბავშვს ლეიკემია აქვს, ფორმა 100 მოიტანე და სკოლა დაეხმარებაო. მე მას ვუთხარი, რომ ბავშვს ლეიკემია, რეციდივი არ აქვს, შესაბამისად, ფორმა 100-ს ვერ მუტანდი. თვითონ დირექციამაც იცის, რომ ბავშვს ლეიკემია ჰქონდა 2016 წელს“- აღნიშნა ე.წ.-მ.
ბავშვის დედამ მომოწერის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში გვაჩვენებს.
ე.წ. უარყოფს ინფორმაცია, რომ დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მისი თქმით, ოჯახის სახსრებით აპიერბს შვილი გამოკვლევაზე წაიყვანოს.
მასალის გამოყენების პირობები






