
პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ბავშვებთან ურთიერთობისას ძალადობაზე ისაუბრა.
"ძალადობა არ არის აღზრდის მეთოდი. ბავშვზე ტერორი არის მისი პიროვნების აბსოლუტურად დათრგუნვა.
ბავშვზე ძალადობენ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად, რაც ჩვენს რეალობაში უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამწუხარო ფაქტია, რომ პრევენციისთვის ბევრი არაფერი კეთდება. საზოგადოება იმ მენტალობის მქონეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება ჩვეულებრივი მოვლენაა. მადლობა ღმერთს, ყველა ასე არ არის, მაგრამ ბავშვზე წარტყმა-წამორტყმა და მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვეულებრივ ამბად საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია“ - განაცხადა გოგოტიშვილმა.
მისი თქმით, აღზრდის მეთოდად ბავშვის ცემას, ზოგიერთი ძველი დროით ხსნის.
„ჩვენი ეპოქა ჰუმანიზებულია და აღარ არის ის დრო, როდესაც თვითდამკვიდრებისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება ერთადერთი გზაა. აბსოლუტურად სხვა კონტექსტია და დღეს ბავშვებთან იმ ძველი მანკიერი მეთოდებით მიდგომა, რაც სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში კვლავ გადმონაშთია, არის ის წინაპირობა, რომელიც სავალალო შედეგების რისკებს ქმნის“ – განაცხადა გოგოტიშვილმა.
ფსიქოლოგმა მედიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, მედიას ძალიან დიდი ბერკეტი აქვს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემები უნდა არსებობდეს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მენტალობის ცვლილებაზე, ინფორმირებულობაზე ორიენტირებული ძალიან სისტემური მიდგომა. აუცილებელია საზოგადოების განწყობების ცვლა. საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მომართული. ბაღები და სკოლები ის სოციალური სეგმენტებია, რომლებიც უნდა იყოს პირდაპირ მომართული, რომ ბავშვზე ძალადობა არ ხორციელდებოდეს. ეს არის მთავარი პრევენციული ზომა“ -განაცხადა გოგოტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






