2 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად დატოვებს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების" შესახებ საბჭოთა კავშირთან დადებულ ხელშეკრულებას.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი მას სისტემატიურად არღვევს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც აშშ-ს გააჩნია.
ამ ბრალდებით აშშ ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდა. ამერიკული მხარის ცნობით, რუსეთმა 2008-2011 წლებში, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, გამოსცადა ახალი ფრთოსანი რაკეტა, 9М729, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრია.
ამერიკის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ უკვე გააფრთხილა რუსეთი ამის თაობაზე და ამის გამო რუსეთს სანქციებიც დაუწესა, თუმცა, კრემლმა მოთხოვნას კონტრბრალდებებით უპასუხა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ არსებობს უკანასკნელი შანსი, რომ ეს ხელშეკრულება ძალაში დარჩეს, მოსკოვის მიერ მისი პუნქტების შესრულების დაწეყბაა. აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა თავის სამხედრო ბაზებზე დაუშვას საერთაშორისო კომისია, რომელიც შეამოწმებს აქვს თუ არა კრემლს შეიარაღებაში ამ კატეგორიის რაკეტები.
შეგახსენებთ, რომ რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი ეს ხელშეკრულება 1987 წლის 8 დეკემბერს დაიდო და შემდეგი წლის 1 ივნისს ამოქმედდა. ხელშეკრულების მიხედვით მხარეებს უნდა გაენადგურებინათ დედამიწაზე ბაზირებული საშუალო (1000-5500) და მცირე (500-1000) რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ყველა კომპლექტი და არ გამოეცადათ და არ შეექმნათ ისინი მომავალში.
მასალის გამოყენების პირობები






