რუსეთში, ნიჟეგოროდის ოლქში, პოლიციამ კრისტინა მოროზოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, პოლიციელებთან შელაპარაკების გამო ქუჩაში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. ქალმა-პოლიციელმა, ჩხრეკის ჩატარების მიზნით საცვლების გახდა მოსთხოვა. ქალმა პროტესტი განაცხადა, რადგან მასთან ერთად განყოფილებაში მამაკაცები იყვნენ.
"პოლიციის თანამსრომელმა ქალმა საცვლების გახდა მიბრძანა და ამავდროულად მაისური გამხადა. მე გახდაზე უარი ვთქვი - იქ იყვნენ მამაკაცები, ერთი პოლიციელი და 5 დაკავებული, რომელთაც ჩემი სხეულის დანახვა ოთახის გამჭვირვალე კარებიდან შეეძლოთ. ამის პასუხად ქალმა ხელები უკან გადამიტრიალა, მუხლებზე დამაყენა და ბიუსჰალტერის ზონარი მაკრატლით გადაჭრა, შემდეგ წამაქცია, ზემოდან დამაწვა და მუხლით ჩემი სახე კაფელის იატაკზე მთელი ძალით მიაჭირა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ძვლების ტკაცანიც მომესმა," - ყვება დაზარალებელი ქალი.
მისივე სიტყვებით, ამავე დროს, მეორე პოლიციელმა მის ძაღლ ტაქსას, რომელმაც ყეფა ატეხა, სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხა.
ის ღამე კრისტინამ საკანში გაატარა. მეორე დილით იგი ხულიგნობისთვის დააჯარიმეს და სახლში გაუშვეს.
ინციდენტის შემდეგ ექიმებმა ქალს ცხვირის ძგიდისა და ყბის მოტეხილობა, ქალა-ფუძის ტრავმა და ტვინის მსუფუქი დაზიანება დაუდგინეს.
ეს ამბავი 2016 წლის სექტემბერში მოხდა. მას შემდეგ კრისტინამ არაერთხელ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, მოძალადე პოლიციელების დასჯის მოთხოვნით, თუმცა, სასამართლო საქმის აღძვრაზე უარს ამბობდა. პოლიციამ განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ტექნიკური მიზეზების გამო წაიშალა.
კრისტინას ადვოკატების მოთხოვნით საქმე მხოლოდ 2017 წელს აღიძრა, მაგრამ პარალელურად, საქმის წარმოებადაზარალებულის წინააღმდეგაც დაიწყო - სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მუხლით, რის საფუძველზეც სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო. ამის შემდეგ საქმეში რუსეთის "წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" ჩაერთო და შემთხვევიდან თითქმის 2 წლისა და 4 თვის შემდეგ მოსამართლემ, როგორც იქნა, განაჩენი გამოიტანა და პოლიცია დაავალდებულა კრისტინა მოროზოვასთვის კომპენსაციის სახით სასაცილო თანხა, 5000 რუბლი გადაეხადა.
კრისტინას ადვოკატები და "წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" აპირებენ სტრასბურგის "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს" მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები






