დაპირისპირება ქუთაისის მადლიერების სახლში - როგორც „ქუთისი თუდეი“ იუწყება, მადლიერების სახლის დირექტორს, თამთა ბაკურაძეს ბენეფიციარები შეურაცხყოფის მიყენებასა და შვილიშვილების უსაჩუქროდ დატოვებაში ადანაშაულებენ.
ერთ-ერთი ბენეფიციარის თქმით, მისი შვილი ანემიითაა დაავადებული, ოჯახის სხვა წევრები კი სხვადასხვა მძიმე დაავადებებით არიან დაავადებულები, თავადაც მძიმე ავადმყოფია.
„მათხოვარი არ ვარ, ცხოვრებამ დროებით ასე მაქცია, ოთხი უნიჭიერესი შვილიშვილის ბებია ვარ, იმის გამო, რომ გავაპროტესტე საჭმლის შედეგად მოწამვლის ფაქტები და სხვადასხვა დარღვევა, შვილიშვილები სასკოლო ჩანთების გარეშე დამიტოვეს, რომელიც ზარ-ზეიმით ქუთაისის მერმა დღის ცენტრში დაურიგა ბავშვებს და ისეთ ბავშვებსაც, რომლებსაც ალბათ , არ სჭირდებოდათ.
ბაკურაძემ განმიცხადა, რომ მე მხოლოდ ერთ ბავშვზე მივიღებდი საჩუქარს, როდესაც ოთხივე შვილიშვილი ბენეფიციარია, ან ერთს მივიყვანდი ან საერთოდ არაფერს მივიღებდი. მთელი ღამე ვიტირე, როგორ ოთხი შვილიშვილის ბებიას ერთი მიმეყვანა და დანარჩენებს ნერწყვი ეყლაპა, ესაა ქალაქი, ესე უნდა მოგვექცნენ, ჩვენც ხომ ხალხი ვართ, მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ დედა ვარ და ბებია ვარ, ოჯახის უმეტესობა ავად მყავს, მე ვუვლი ამ ხნის ქალი და კიდევ მათხოვარი, დამშეული მეძახეს. ჩვენო პრემიერო, თქვენ მოგმართავთ გაჭირვებული ოთხი შვილიშვილის ბებია. იმ შვილების დედა, რომელიც ახლა მათ უვლის და ცხოვრებისთვის ხელი არ ჩაუქნევია, იქნებ ვინმემ ყურადღება მომაქციოს და მათხოვარი არ დამიძახოს,“ - აცხადებს ბენეფიციარი.
წყარო : „ქუთაისი თუდეი“
მასალის გამოყენების პირობები






