საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ ფილიპს განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა გაამკაცროს.
საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს, მიიღოს ახალი კანონი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს იმ პირებს, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში იქნებიან შემჩნეულები, ასევე აიკრძალება დემონსტრაციების დროს ნიღბების ტარებაც.
ედუარდ ფილიპის თქმით, საპროტესტო აქციების ახალი ტალღის მოლოდინში ხელისუფლება სამართალდამცავი ორგანოების 80 ათასი თანამშრომლის მობილიზებას გეგმავს.
გასულ უქმეებზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სასახლის ჭიშკარი დააზიანეს, იყო რამდენიმე შეტაკება პოლიციასთან, ასევე დაწვეს ავტომობილები და მოტოციკლები.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ ხელისუფლება საწვავზე გადასახადის გაზრდას გეგმავდა. აქციები მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაიწყო, აქციის მონაწილეებმა შუქამრეკლი ყვითელი ჟილეტები ჩაიცვეს, საიდანაც წამოვიდა აქციების სახელწოდება „ყვითელი ჟილეტები“. საფრანგეთის ხელისუფლებამ საწვავზე გადასახადის გაზრდაზე უარი განაცხადა, თუმცა დროთა განმავლობაში აქციის მონაწილეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა, ბოლო აქციებზე ისინი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვდნენ.

მასალის გამოყენების პირობები






