აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ალ-ქაიდას" ერთერთი ლიდერის, ყველაზე ძებნადი ტერორისტის ჯამალ ახმად მუჰამად ალი ალ-ბადავის ლიკვიდაციის ფაქტი დაადასტურა.
"ჩვენმა შესანიშნავმა სამხედროებმა აღადგინეს სამართლიანობა იმ გმირების მისამართით, რომლებიც დაიღუპნენ და დაიჭრნენ USS Cole-ის წინააღმდეგ განხორციელებული მხდალი თავდასხმის შედეგად. ჩვენ ახლახანს ამ თავდასხმის ლიდერი ჯამალ ალ ბადავი გავანადგურეთ. ჩვენი ბრძოლა "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ გრძელდება. ჩვენ არასდროს დავასრულებთ ბრძოლას რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ!" - წერს ტრამპი ტვიტერში.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ალ-ბადავი 2019 წლის პირველ იანვარს, საკუთარი ავტომობილის მართვიას, ავიადარტყმის შედეგად მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ ალ-ბადავის ბრალად 2000 წლის 12 ოქტომბერს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდის USS Cole-ის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება ედებოდა. მაშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა ხომალდს ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე პატარა ნავი შეაჯახა. რა დროსაც 17 ამერიკელი მეზღვაური, მათ შორის 2 ქალი, დაიღუპა, ხოლო 39 - დაიჭრა.
თავის დროზე აშშ-ის მთავრობის მიერ მის შესახებ მიწოდებული ინფორმაციისთვის, რომლის შედეგად ალ-ბადავის დაკავება მოხდებოდა, ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
(ფოტოები: 2000 წელს ტერაქტის შედეგად დაზიანებული USS Cole-ი)


მასალის გამოყენების პირობები






