პაატა თედიაშვილი მორიგი პროვოკაციისთვის ემზადება. თემა რელიგიურია, ჟანრი – რეპი. მომღერალმა ბოლო დროს არაერთი ქილიკი და კრიტიკა დაიმსახურა იმ სიახლეების გამო, რომელიც მსმენელს შესთავაზა. თუმცა რისკს არ უშინდება და აგრძელებს.
სიახლეა მის თმის ფერშიც. დიდი ალბათობით, არც „ომბრეს“ გამო დაინდობენ მომღერალს კრიტიკოსები. თუმცა მთავარი პროვოკაცია იმ სიმღერაშია, რომელსაც პაატა მალე შესთავაზებს მსმენელს. ამბობს, რომ უკვე ხედავს, როგორ გარბის და მოსდევს ერი.
მის ფოტოებში ბოლო პერიოდში ტრადიციული სამოსი სჭარბობს. ამიტომაც ჩემს რესპონდენტთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყე.
– პაატა, მომეჩვენა თუ ისევ ჩოხას დაუბრუნდით?
– არა. ფოტოგრაფმა მთხოვა, რომ ძველი და ახალი ჟანრები შეგვეთავსებინა ერთ ფოტოსესიაში.
– ანუ პროვოკაციებს კიდევ დაველოდოთ, თუ შეგეშინდათ საზოგადოების?
– რა თქმა უნდა. აგიხსნით. მაგალითად, გყავთ შვილი, რომელსაც ათი წელი ზრდით, ხომ არ გადააგდებთ, შეიძლება გაუშვათ დეიდასთან, მამიდასთან ცოტა ხნით. ეს სიტუაცია იყო. მე ჩემი ათი წელი გავუშვი შემოქმედებით ბებიასთან, მაგრამ არ გადამიგდია. უბრალოდ, ძალიან ძნელია, ყოველდღე მივირთვათ, მაგალითად, ლობიო, საცივი ან თუნდაც ხინკალი.
– ის მომღერლები, რომლებიც ყოველდღე ხინკალს გაეხლებიან, თქვენი აზრით, არ იზრდებიან?
– შეიძლება უნდათ, რომ გაიზარდონ, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით. ჩვენ ხშირად ვაბრალებთ მთავრობას შოუბიზნესის გაჩერებას, მაგრამ აბსოლუტურად არაფერ შუაშია მთავრობა. მესმის, რომ უნდა დაგეხმაროს კულტურის სამინისტრო, ცალკეული ორგანიზაციები კონკურენტული პროექტებით, მაგრამ მთავარი მაინც შემოქმედებითი საკითხია. მე თუ არ დავწერე ახალი, არ გადავიღე, არ ვიმოძრავე, ყალიბდება ფობია და სიზარმაცე.
– თქვენ არასდროს დაგხმარებიათ მთავრობა?
– არასდროს. ჩემთვის დახმარება იყო მხოლოდ ის, თუ კონცერტზე მომიწვევდნენ, როგორც მომღერალს. მეც არასდროს მივდგომივარ არავის კარზე, არც მთავრობას და არც კერძო ბიზნესმენს. ყველაფერს თავად ვაკეთებ. მხოლოდ ერთხელ მივედი კულტურის სამინისტროში, როცა ჩემი კლიპის პრეზენტაციის მოსაწვევები მივიტანე. 26 მაისი იყო. მინისტრი ვერ მოვიდა, მაგრამ წარმომადგენლები იყვნენ. წინა მთავრობის პერიოდზე მოგახსენებთ. მაგრამ არც მაშინ და არც ახლა არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ. ჩემი შემოსავლით, ბევრი იქნება ის თუ ცოტა, ჩემს მოთხოვნებს ვიკმაყოფილებ. მე არ ვაგროვებ ოქროს, არ ვყიდულობ ბინებს იმისთვის, რომ შედარებით კომფორტულ გარემოში ვიცხოვრო, მქონდეს ჯაკუზი ან 70 ოთახი. ვცხოვრობ მოკრძალებულად და ჩემს შემოსავალს, ისევ ჩემს სიმღერას ვახმარ, რომ ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.
– პაატა, საახალწლო კონცერტზე არასდროს გიმღერიათ?
– წინა მთავრობის დროს გამოვედი გლდანში, „ვარდების რევოლუციის“ პარკში. მაშინ „სვანური“ და „ბინდისფერია სოფელი“ ძალიან „ცხელი“ იყო.
– ახლა როგორ წარმოგიდგენიათ საახალწლო კონცერტზე სიმღერები: „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“ ან „მუსიკალური გველი“?
– გადასარევი იქნება. საახალწლო კონცერტები, მოგეხსენებათ, ძალიან მასშტაბურია. როცა კამერულ ორკესტრს სვამ სცენაზე და მიდის რომანსის ჟანრის ან თუნდაც ბალადური მუსიკა, როგორი დიდი ქართველი მუსიკოსის და გენიოსის შექმნილიც არ უნდა იყოს, მოიწყენს მაყურებელი. ახალი წელია, ყველას უხარია და შენ თუ დააყენებ, გააშეშებ, დააფიქრებ წარსულსა და ცოდვებს გაახსენებ, სიხარულს კი არა, ცრემლს მოჰგვრი სახეზე. ვის უნდა ასეთი ახალი წელი? ახალი წელი რაც შეიძლება ფერადი, მოძრავი და ქორეოგრაფიით დატვირთული უნდა იყოს.
– რა გეგმები გაქვთ საახალწლოდ?
– საბერძნეთში მივდივარ, ათენში კონცერტებით და ეს მახარებს ძალიან. აქ არაერთმა პროდიუსერმა დარეკა და ჯერ არ ვიცი, სად წავალ.
– კიდევ ერთ პროვოკაციას გვიმზადებთ, როგორც ვიცი...
– ისევ რისკზე მივდივარ. ეს ყველაზე დიდი პროვოკაცია იქნება ჩემს პროვოკაციებს შორის, დაარტყამს ჩვენს მენტალობას, გამოაფხიზლებს ბევრ ადამიანს, ახლოს იქნება რელიგიურ პასაჟებთან... შეიძლება ითქვას, რომ გავრბივარ და უკან მთელი ერი მომდევს.
– ანტირელიგიურ სიმღერას გვიმზადებთ?
– არა. ყველაფერს ვერ გეტყვით. ამ ყველაფერს ექნება ძალიან საინტერესო ახსნა, საინტერესო არანჟი. უკვე მეორე წელია, ვამზადებ ამ სიმღერას და ჯერ კიდევ მჭირდება თავად ჩამოყალიბება. ჩემს მეგობრებს, ვისაც გავუმხილე ჩემი ჩანაფიქრი, შეეშინდათ (იცინის).
– ანუ თემატიკა რელიგიურია?
– რელიგიასთან ახლოს, მაგრამ არ აკრიტიკებს რელიგიას, აკრიტიკებს თითოეულ ჩვენგანს.
– ვითომმორწმუნეებს?
– მორწმუნეებს, ურწმუნოებს, იმათ, ვისაც მომავალში ექნებათ რწმენა, ათეისტს, მუსლიმანს, ყველას, ყველას...
– თქვენ ათეისტი ხართ?
– არა. მე მწამს ღმერთი და ძალიან ვუყვარვარ ღმერთს. ყველა რთულ მდგომარეობაში დამხმარებია ჩემი რწმენა და ჩემი ღმერთი. აბსტრაქტულია ჩემი ღმერთი. ყველაფერი მაინც ქიმიასა და ფიზიკას უკავშირდება.
– სიმღერა უკვე შექმნილია?
– შექმნილია მელოდიაც და ტექსტიც. მელოდია მე მეკუთვნის, ტექსტის ამბავს ჯერ ვერ გაგიმხელთ... კიდევ ერთ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ჰქვია „შენ ჩემი ორი ცალი ნეკნი ხარ“...
– ვინ არის თქვენი ორი ცალი ნეკნი?
– ყველა ის ადამიანი, განურჩევლად სქესისა, რასისა და ასაკისა, რომლებიც მე მიყვარს. ნეკნებს არ აქვთ სქესი.
– ანუ ეს კონკრეტული სიმღერა ერთ ადამიანს არ ეძღვნება?
– კი, მაგრამ თემა იმდენად საინტერესოა, ყველამ უნდა მიიღოს ისე, როგორც მას ესმის.
– კარგი, მაშინ ასე გკითხავთ, არის თქვენს ცხოვრებაში ის ადამიანი, ვინც არის თქვენი ორი ცალი ნეკნი?
– არა. ეს ორი ცალი ნეკნი არის იგივე სულიკო. ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ფენომენი – სულიკო, რომელიც ახლოს არის სულთან, გულთან, არსებასთან. შეიძლება სულიკო იყოს ღმერთი, წყალი, მდინარე, მიწა, ჰაერი. ეს იმდენად ახლობელია ქართველი საზოგადოებისთვის... სულიკო კაცსაც ჰქვია და ქალსაც.
– შიოლა?
– არ ვიცი, ვის გულისხმობდა გიორგი ლეონიძე მასში. ფუფალა ძალიან ღრმა ფენომენია და მე მაინც მგონია, რომ მისი სახით არ საუბრობს მხოლოდ ქალბატონი.
– გქონიათ მომენტი, როცა ფუფალასავით თქვენი საყვარელი ადამიანი გამოგიგონებიათ?
– არაერთხელ, ჩვენ ყოველთვის ვიგონებთ ასეთ ადამიანებს. თითქოს კონკრეტული ადამიანი გვიყვარდება, მაგრამ აღტაცებისა და აღფრთოვანების მომენტი სწორედაც რომ გამოგონებაა. ამ დროს ბევრ ნაკლს ვერ ვხედავთ იმ კონკრეტულში. ამ დროს ჩვენ ვართ ფუფალები, ძალიან სასაცილოებიც კი, შეგვიძლია თავგანწირვაც. ფუფალა მაინც რჩება მარადიულად ერთგული თავისი შიოლასი.
– თქვენ გაქვს პრეტენზია ერთგულებაზე?
– კი, მაქვს, ვიდრე არ გახდება სულერთი კონკრეტულ ადამიანთან ცხოვრება. როცა ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ჩიხში შედის, ისევე როგორც ჩემი შემოქმედება შევიდა ჩიხში და რაღაცები მოვიგონე, რომ აქტუალური ვყოფილიყავი, ახალი სათქმელი მეთქვა, სიახლეს ეძებ.
– თმის შეღებვაც პროტესტია თუ სხვანაირი გინდოდათ, გენახათ საკუთარი თავი სარკეში?
– 40 წლის ვარ და თუ რაღაცები არ მოვიგონე, ძალიან ერთფეროვანი გახდა ყველაფერი. გაჩნდა ჭაღარაც.
– რა ჰქვია თქვენი თმის ფერს, მელირება?
– არა, ომბრე (იცინის).
– მას მერე, რაც პროვოკაციების შეთავაზება დაიწყეთ თქვენი მსმენელისთვის, არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მიიღეთ საპასუხოდ. რომელიმე თქვენი პროვოკაციული ნაბიჯი თუ გინანიათ?
– არ მინანია. უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრებისთვის იყო მძიმე და ამიტომ ვიფიქრე, მიღირს კი ეს ყველაფერი ამად?
– რა დონემდე მძიმე იყო, თუნდაც დედასთვის?
– დედა არ არის ჩართული სოციალურ ქსელში და დიდად არ გაუგია ყველაფერი, მაგრამ, როცა მისმა მეგობრებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა აუხსნეს, როგორი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს პროვოკაციებს, მაშინ ინერვიულა. გიღირსო? მკითხა, მე შენ სხვანაირად გხედავდიო. ჩემმა დამ უფრო მძაფრად აღიქვა ეს ყველაფერი, მაგრამ მე უკან არ დავიხიე. ვეჩვევი კიდეც, საინტერესო ხდება ჩემთვის, ვაკეთებ დასკვნებს, სად ვართ ჩვენ, სად არის ერი, როგორ აზროვნებს.
– ზემოთ თქვენს ახალ პროვოკაციაზე ვსაუბრობდით, მე გავრბივარ და საზოგადოება მომდევსო, მითხარით. რეალურად ასე რომ მოხდეს, ამისთვის მზად ხართ?
– ჩემთვის ძალიან ძვირფასია ბეჭდური მედიის, ტელევიზიის, ჟურნალისტების თანადგომა. როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, სწორედ მედია დამიდგა გვერდით და გადაცემებითა თუ პრესის საშუალებით ავხსენი ჩემი მთავარი სათქმელი ამ ჩემი პროკაციებისა და ბევრმა ეს გაიგო. ჩვენ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და რაღაც უნდა ვთქვათ. ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია ჩემი მხრიდან, მაგრამ ფრაზა – „უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, დარჩა და დიდხააანს იქნება ადამიანების გონებაში.
– ახალ პროვოკაციაში რა იქნება ასეთი ფრაზა?
– ვერ გეტყვით. ეს სიმღერიდან მინდა გაიგოთ. გეტყვით, რომ ყველა ფრაზა, რაც სიმღერაშია, არაერთგზის მოგისმენიათ უკვე და ყველამ კარგად იცით.
წყარო: PrimeTime.Ge
მასალის გამოყენების პირობები






