53 წლის დიანა ქობალია დაბადებიდან უსინათლოა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი მთელ დღეებს ერთ პატარა ოთახში ატარებს. მას არც ნათესავები ჰყავს და არც ახლობლები...
დიანა ჩერნოვეცკის ფონდის ‘შინ მოვლის“ პროგრამის ბენეფიციარია. ფონდის მედპერსონალი მას ხშირად აკითხავს, უტარებს სამედიცინო და ჰიგიენურ პროცედურებს, ამარაგებს მედიკამენტებით.
„ამ ადამიანებს როგორც ნათესავებს ისე აღვიქვამ, რადგან ისინი იმდენ სითბოს და სიყვარულს მჩუქნიან, რომ შეუძლებელია თავი მარტოხელად ვიგრძნო“,- ამბობს დიანა.
ჩერნოვეცკის ფონდი ყველანაირად ცდილობს, რომ დიანამ თავი ეულად არ იგრძნოს! მას უამრავი რამ სჭირდება, თუმცა ძალიან მორიდებული ადამიანია და არ უნდა სხვისი შეწუხება. რამდენიმე თვის წინ, საზოგადოების მხრიდან მისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით, ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა.
საერთო ჯამში შემოწირულობამ შეადგინა 407 ლარი. ამ თანხით შეძენილ იქნა ის, რაც დიანას ყველაზე მეტად ესაჭიროება ამ ეტაპზე : მედიკამენტები და უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი წნევის საზომი აპარატი.
„აწი არ მეშინია, ჩემით გავიზომავ წნევას და თუ საჭირო შეიქნა, წამალსაც დავლევ. ადრე კი სულ ვშიშობდი, ვაი და იქნებ დაბალი წნევა მაქვს და მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამალი არ დავლიო მეთქი...“, - ღიმილით ამბობს დიანა.
ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
-ხომ არ გსურთ მიმართოთ ადამიანებს, რომლებმაც თქვენთვის დახმარება გაიღეს?
-დიდი სიამოვნებით. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. მინდა ჩავეხუტო მათ, მოვეფერო, დავლოცო. ღმერთო დიდებულო, არ მოაკლო ამ გულისხმიერ ადამიანებს სიხარული და კარგად ყოფნა! დიდი მადლობა კეთილო ხალხო, მე ვერ გხედავთ, მაგრამ თქვენს სითბოს ვგრძნობ!“.
-გაქვთ თუ არა სურვილი, რომ დაუმეგობრდეთ რომელიმე თქვენს მხარდამჭერს?
- განა მარტო სურვილი? ეს ჩემთვის იქნება დიდი ბედნიერება. აი, ფონდის ექთნების მოსვლას რომ ველოდები მოუთმენლად, ზუსტად ისეთი ემოცია მექნება. თუ ვინმე დამიმეგობრდება და გამომეხმაურება, უზომოდ მადლობელი ვიქნები.
მეგობრებო, თუ გსურთ დიანა ქობალიასთან დაკავშირება, ამაში ჩერნოვეცკის ფონდი დაგეხმარებით! თუ გსურთ მას ფინანსურად დაეხმაროთ შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიანა ქობალია) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.
მასალის გამოყენების პირობები






