კვლევის მიხედვით, საქართველოში მოზარდის აღზრდის პროცესში მშობლების დიდი ნაწილის სირთულეებს განიცდის და მოზარდები მშობლების სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძობენ. მშობლები ნახლებად ზრუნავენ მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ერთ-ერთი ქვეთავი ეხება - მშობლების ჩართულობას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.
კვლევის თანახმად, მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.
მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდების თქმით, ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ, ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მშობლები თავს იკავებენ ესაუბრონ შვილებს სექსუალობაზე, არის მათი შიში, რომ მცირე ასაკის ბავშვებისათვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება მათ ნაადრევი სექსის მიმართ ინტერესს და სურვილს აღუძრავს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი სქესობრივ მომწიფებასა და სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებით, მოზარდ გოგონებს დედებმა უნდა გაუზიარონ. მხოლოდ რამდენიმე მამამ გამოხატა მზაობა, ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა შვილებთან, განურჩევლად სქესისა.
ზოგადად, კვლევის შედეგების მიხედვით, ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებას. მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციით შეიარაღების პასუხისმგებლობა აკისრიათ.
"მიღებულია, რომ გვიანი მოზარდობის პერიოდში შესულმა ბიჭებმა პირველი სქესობრივი გამოცდილების მისაღებად ბორდელს უნდა მიმართონ. ასეთი ტიპის „ვოიაჟები“ ზოგიერთ შემთხვევაში ინიცირებულია და თავად მამებიც კი აფინანსებენ. თუმცა, ამავე დროს, მამები იშვიათად თუ საუბრობენ შვილებთან სამომავლო გამოცდილების შესახებ, ან აწვდიან რჩევებს დაცულ სექსთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მამები არ ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები. მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ, რაც საბოლოოდ პრობლემებს შეუქმნის ოჯახს" - ნათქვამია კვლევაში.
-------------------------------------------------------------------------------
კვლევის მონაცემების მოსაპოვებლად გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. კვლევის სამიზნე ჯგუფებია:
● მოზარდები მოზარდობის პერიოდის ადრეული (10-13) და გვიანი (14-17) ასაკობრივი ჯგუფებიდან;
● მოზარდების მშობლები/აღმზრდელები;
● წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, პროექტებსა და პოლიტიკის შემუშავებაზე.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფთან. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მათი ჩართვა ფოკუს ჯგუფის დისკუსიებში, ვერ მოხერხდა. თუმცა კვლევის ეროვნულმა გუნდმა ამ სამიზნე სეგმენტთან დაკავშირება შეძლო „პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან დამატებით 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა.
ფოკუს ჯგუფები გაიმართა თბილისში, კახეთსა და აჭარაში მცხოვრებ მოზარდებთან (8 ფოკუს ჯგუფი) და მოზარდების მშობლებთან/აღმზრდელებთან (8 ფოკუს ჯგუფი). საველე სამუშაოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.
მასალის გამოყენების პირობები






